მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა.
აბაზოვის გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოიტანა. პროკურატურა ამ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
ვინ არის ქეთევან ლუაშვილი?
ქეთევან ლუაშვილი 2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა, რაც ნიშნავს იმას, რომ საპენსიო ასაკის მიღწევამდე იქნება მოსამართლე. ქეთევან ლუაშვილი 1958 წელს დაიბადა, შესაბამისად, მოსამართლის პოზიციაზე 2023 წლამდე იმუშავებს.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ლუაშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1982-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტების მომზადების და კოდიფიკაციის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობაზე.
1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით; ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით.
ლუაშვილი 1984-2011 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2011 წლის მარტიდან მიავლინეს და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში. 2015 წლის აპრილიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
ქეთევან ლუაშვილს ჰყავს ქმარი და ერთი შვილი. 2019 წელს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლუაშვილმა მოსამართლის პოსტზე მუშაობისთვის 2018 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო 54 300 ლარი.
“შენ ღირსება არ გაქვს”
“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცოდა.
ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება: