მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა „იმედზე“ გასული ინტერვიუს შემდეგ ბერა ივანიშვილს ფეისბუკ პოსტით მხარი დაუჭრია.
„თუ ვინმე დედას შემაგინებს პასუხს მოვთხოვ.თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მე იმ კაცის ****,“ – წერია ფოტოზე, რომელიც აბაზოვმა ფეისბუკის ე.წ. სთორიში [პოსტი, რომელიც 24 საათში ავტომატურად ქრება] გამოაქვეყნა.

თემურ აბაზოვის პოსტი
გუშინ, 9 მარტს, „იმედზე“ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ არ ისაუბრებს ჩანაწერების ავთენტურობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღესაც იგივეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:
“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.
ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ
“შენ ღირსება არ გაქვს”
“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.
აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.
აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება:
„ტაბულას“ მიერ გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, თემურ აბაზოვი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო.