ახალი ამბები

აბაზოვის თქმით, „ოცნებისგან“ სიაში ჩასმის შემოთავაზება მიიღო

23 ივლისი, 2020 • 1501
აბაზოვის თქმით, „ოცნებისგან“ სიაში ჩასმის შემოთავაზება მიიღო

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზება მიიღო პროპორციულ სიაში მის ჩასმასთან დაკავშირებით.

აბაზოვის ამ გადაწყვეტილებამდე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ჩვენს კითხვაზე ადასტურებს თუ არა ამ ცნობებს, აბაზოვმა მოკლეტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა:

„დიახ, იყო შემოთავაზება და უარი არ მითქვამს,“ – ამბობს თემურ აბაზოვი.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე პასუხს ელოდება “ქართული ოცნების” პრესსამსახურისგან.

“შენ ღირსება არ გაქვს”

“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.

აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი