ახალი ამბები

“ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია” – კილაძე “ოცნების” სიაში აბაზოვის შესაძლო ჩასმაზე

23 ივლისი, 2020 • 1116
“ამაში ცინიკური და ცუდი არაფერია” – კილაძე “ოცნების” სიაში აბაზოვის შესაძლო ჩასმაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პროპორციულ სიაში შეიყვანს, “ამაში ცინიკური და ცუდი არაფერი არ არის”. ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არჩევნებში ვნახავთ, რამდენად არის დამაზიანებელი “ქართული ოცნების” გუნდისთვის ამ კონკრეტული ადამიანის საპარლამენტო სიაში ჩასმა. მე არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ იქნება გუნდში გადაწყვეტილება მიღებული ამის შესახებ, ამაში ცინიკური და ცუდი არაფერი არ არის”, – განმარტა კილაძემ.

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ მან “ქართული ოცნების” მხრიდან მიიღო შეთავაზება პროპორციულ სიაში მის ჩასმასთან დაკავშირებით. მანამდე აბაზოვის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. თუმცა მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

“შენ ღირსება არ გაქვს”

“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.

აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი