ახალი ამბები

ინფექციურისთვის 40 მლნ ლარამდე გამოყოფაზე ვიმსჯელებთ – გახარია

23 ივლისი, 2020 • 1075
ინფექციურისთვის 40 მლნ ლარამდე გამოყოფაზე ვიმსჯელებთ – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოყოფაზე, რომელიც საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად ან შესაძენად იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ სივრცეში ფუნქციონირებს და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მსჯელობდა.

“დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური, და ეს ჯგუფი არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების გადმოსახედიდან უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა”, – განაცხადა გახარიამ.


ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შენობის განახლების საჭიროებაზე ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე დიდი ხანია საუბრობს, თუმცა, როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, რემონტის ჩატარების საშუალებას მათ “ავერსი” არ აძლევთ, რომელიც 2012 წლიდან იმ შენობის მფლობელია, სადაც საავადმყოფოა მოწყობილი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლოს ინფექციური საავადმყოფოს შენობა დაახლოებით 2 წლის წინ გაარემონტეს, თუმცა კორპუსში, სადაც ბოქსირებული განყოფილებებია მოწყობილი, რემონტის ჩატარება ვერ მოესწრო.

“ავერსის” პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციას შენობის გარემონტების უფლება ნამდვილად არ მისცეს. ამასთან განმარტეს, რომ საავადმყოფოს თითქმის ორი წელია ქირა არ გადაუხდია.

2012 წლიდან თბილისში, ყაზბეგის გამზირის #6-ში არსებული მიწის ფართობი შენობა-ნაგებობებით “ავერსი ფარმას” საკუთრებაა. იჯარის ხელშეკრულებას, რომელზეც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, “ავერსი ფარმა” და ჯანდაცვის სამინისტრო აწერენ ხელს, 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა ვადა. ვინაიდან ამ დრომდე კომპანიასა და მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულება არ არსებობს, კომპანია აცხადებს, რომ ცენტრი მათ შენობაში უკანონოდ იმყოფება. 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილ წერილში “ავერსი”, 2021 წლის პირველ ივლისამდე იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, საავადმყოფოს შენობის ნაწილს დაცლას ითხოვდა.

რატომ არ აქვს ინფექციურს საკუთარი შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი