ახალი ამბები

განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი – სუსი “მთავარ არხზე”

21 ივლისი, 2020 • 990
განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი – სუსი “მთავარ არხზე”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა.

სუსი აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში “შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი”.

საქმე ეხება 2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო პანდემიის დროს მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებისთვის გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების  სანაცვლოდ თანხის შეთავაზების თაობაზე.

“გამოძიების პროცესში გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები სიუჟეტის ავტორთა მიერ განზრახ იყო დამახინჯებული”, – აცხადებს სუსი.

უწყების ცნობით, 2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ მოითხოვა 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“, ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა”, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.


მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” სწორედ ამ სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, გამოკითხვაზე დაიბარეს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სუს-მა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები დააშინა, რაც „ერთი მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორე მხრივ, მთავარი არხის დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი