ახალი ამბები

“მთავარი არხის” რესპონდენტები “საბოტაჟის საქმეზე” გამოკითხვაზე დაიბარეს

25 ივნისი, 2020 • 1576
“მთავარი არხის” რესპონდენტები “საბოტაჟის საქმეზე” გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე “მთავარი არხის” რესპონდენტები დაიბარა. უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ არ გამორიცხავენ დაკითხვაზე თავად ტელეკომპანიის ჟურნალისტების დაბარებასაც.

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს მთავარ არხს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“მთავარი არხის” სიუჟეტი:

მასალების გადაბეჭდვის წესი