ახალი ამბები

სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

21 ივლისი, 2020 • 1725
სააპელაციომ კალანდიას განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძალაში დატოვა მიხეილ კალანდიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა 25 თებერვალს მიუსაჯა. კალანდია დამნაშავედაა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

კალანდია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ჩხუბში ორი არასრულწლოვანი მოკლეს – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. თვეების განმავლობაში კალანდია საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, რასაც სარალიძის მამა აპროტესტებდა.

კალანდიას შესაძლო ბრალეულობაზე თავის დასკვნაში წერდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 2018 წელს შეიქმნა პარლამენტში.

კომისიამ დაასკვნა, რომ საგამოძიებო უწყებებმა სათანადოდ არ გამოიძიეს სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას როლი და არ ჩაატარეს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები სიმართლის დასადგენად. დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ კალანდიას დაკავება იყო.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას — ის საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.

კალანდიას ოჯახი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას ითხოვს. მათი პოზიციაა, რომ პროკურატურამ საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე მიიღო კალანდიას ბრალდების გადაწყვეტილება.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით სამართალი აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი