ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, ყალბი გვერდების კონტექსტში ენმ-ის გარდა FB-ს არცერთი სხვა პარტია არ უხსენებია, რაც სიმართლე არაა

16 ივლისი, 2020 • 1377
მდინარაძის თქმით, ყალბი გვერდების კონტექსტში ენმ-ის გარდა FB-ს არცერთი სხვა პარტია არ უხსენებია, რაც სიმართლე არაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება სოციალურ ქსელ Facebook-ის გადაწყვეტილებას, პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შესახებ.

მდინარაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება აწყობს “ქართულ ოცნებას” და დააზიანებს  “ნაციონალურ მოძრაობას”.

“მისასალმებელია „ფეისბუქის“ ასეთი დამოკიდებულება. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ყველაზე ძალიან ასეთი დამოკიდებულება გამჭვირვალობაზე აწყობს “ქართულ ოცნებას”. მართლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არცერთი “ფეიკი” არ მუშაობს – ასეთ თვითშემოქმედებას, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდები და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სისტემური ხასიათი ამას სხვა მხრიდან აქვს. არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური პარტია, გარდა “ნაცმოძრაობისა”, თავის ოფიციალურ განცხადებაში “ფეისბუქს” არასდროს” უხსენებია. „ნაცმოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის სამარკო ნიშანია, მისი პიარ კამპანიის დამახასიათებელია და საფუძველია ტყუილი, ფეიკნიუსები. ბუნებრივია, ყველაზე ძალიან ვისაც დააზიანებს [“ფეისბუქის” გადაწყვეტილება], იქნება „ნაცმოძრაობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ “ფეისბუქს” არავთენტური ქცევის კონტექსტში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა პარტია არასდროს უხსენებია, სიმართლეს არ შეესაბამება. 2019 წლის დეკემბერში Facebook-მა განაცხადა, რომ საქართველოში გააუქმა 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან.

ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

მამუკა მდინარაძემ მაშინ თქვა, რომ კოკა ყანდიაშვილს პარტიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ყანდიაშვილი, „რასაკვირველია, “ქართული ოცნების”,  ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია”. თავად კოკა ყანდიაშვილი კი აცხადებდა, რომ 2014 წლიდან აღარ არის საჯარო სამსახურში და არ ყოფილა “ქართული ოცნების” თანამშრომელი, თუმცა “ქართული ოცნების” გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს.

ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი