ახალი ამბები

“ბევრი მეგობარი მყავს “ოცნებაში” და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ” – ყანდიაშვილი

6 მაისი, 2020 • 2301
“ბევრი მეგობარი მყავს “ოცნებაში” და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ” – ყანდიაშვილი

კოკა ყანდიაშვილი, რომლის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი “ფეისბუკმა” გააუქმა, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ყანდიაშვილი ამბობს, რომ “ეS პერსონას” საქმიანობაზე სიყალბით სავსე განცხადებები ვრცელდება. მისი თქმით, 2014 წლიდან აღარ არის საჯარო სამსახურში და არ ყოფილა “ქართული ოცნების” თანამშრომელი, თუმცა აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს საჯაროდ აქტიურობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს.

ყანდიაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდში ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს:

“არახალია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედიასაშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს…

2014 წლიდან აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ”, – ამბობს კოკა ყანდიაშვილი.

მისი თქმით, “ესპერსონა” დამოუკიდებელი მედიაპლატფორმაა, “ფეისბუკს” ინფორმაცია “ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა” მიაწოდა, რომელთა სამიზნეც ის და “ეs პერსონა” იყო:

” რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო”, – ამბობს ყანდიაშვილი.

მისი თქმით, მომავალში ახალგაზრდა გუნდთან ერთად საზოგადოებას უფრო საინტრესო მედიაპროდუქტებს შესთავაზებს და მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს “ფეისბუკთან”, “გუგლთან” და სხვა სოციალურ ქსელებთან:

“მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედიაპროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან,  გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა” ,- ამბობს ყანდიაშვილი.


ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

როგორც ფეისბუკი აცხადებს, მათ გააუქმეს 511 გვერდი, 101 ფეისბუკ-ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამის ანგარიში. ფეისბუკის განცხადებით, აღნიშნული გვერდები და ანგარიშები ქვეყნის შიგნიდან იმართებოდა და დაკავშირებულია მედიაკომპანია “ესპერსონასთან”.

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები დაიბლოკა ფეისბუკის პლატფორმიდან.

როგორ მუშაობდა ყანდიაშვილის პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელი – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი