ახალი ამბები

ყანდიაშვილს “ოცნებასთან” ოფიციალური კავშირი არ აქვს – მდინარაძე

6 მაისი, 2020 • 1280
ყანდიაშვილს “ოცნებასთან”  ოფიციალური კავშირი არ აქვს – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოკა ყანდიაშვილს, რომლის პროპაგანდისტული ქსელიც “ფეისბუქმა” წაშალა, პარტიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

” ამ საკითხთით რომ დამთავრდეს სპეკულირება, ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება 2013-14 წლიდან აღარ აქვს [პარტიასთან]. ეს ყველამ იცის, რომ ის ქართული ოცნების ერთ-ერთი მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ის ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. ეს ადამიანი დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში. მას, როგორც ცნობილი ხდება, ჰქონდა “ესპერსონას” სააგენტო და ის ოპერირებდა ფეისბუქ-სივრცეში. მაგრამ ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი, ხელშეკრულება ან დავალება არ უფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და, ცხადია, ის არც ფეისბუქმა მიუთითა”, – თქვა მან ჟურნალსიტის კითხვის საპასუხოდ.

მანამდე, მდინარაძემ ისაუბრა ფეისბუქიდან წაშლილი გვერდების შესახებ, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” კავშირში.

“სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფბ სივრცე გაჯერებულია სიყალბითა და სიძულვილის ენით, თუმცა თავად ფეისბუქმა  გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია სხვადასხვა ყალბი გვერდების ჩასხნაზე და, რაც მთავარია, მათში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის ნაციონალური მოძრაობა.

…ბუნებრივია, მადლობას იმსახურებს ფეისბუქის ადმინისტრაცია ამ ძალისხმვისთვის და მინდა მივმართო მათ, ასეთივე პასუხისმგენლობით დააკვირდნენ საქართველოში მათი სოცქსელის მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, ფეისბუქის ეს მიდგომა გაგრძელდება და სიძულვილის ენა გადაიწევს უკანა პლანზე”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი