ახალი ამბები

FB საქართველოსთვის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკას ქმნის – ბენიძე

15 ივლისი, 2020 • 1617
FB საქართველოსთვის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკას ქმნის – ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებისთვის ფეისბუკი აპირებს, რომ საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გაავრცელოს.

ბენიძის თქმით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც მათ ფეისბუკისგან მიიღეს 2 კვირის წინ გაგზავნილი ღია წერილის საპასუხოდ.

“მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში “ფეისბუქზე” პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება”, – წერს ბენიძე.

მისივე ცნობით, ფეისბუკისგან მიღებულ წერილში ვკითხულობთ:

“2020 წლის აგვისტოდან ჩვენ მოვითხოვთ ავტორიზაციას საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით. ეს გვთავაზობს უპრეცედენტო გამჭვირვალობის ხარისხსა და აუთენტურობას ამ რეკლამებთან დაკავშირებით. ასე რომ, ადამიანებს შეეძლებათ დაინახონ, ვინ ცდილობს მათ ხმაზე გავლენის მოხდენას არჩევნებთან დაკავშირებით და რატომ”

ბენიძის თქმით, ასევე, წერილის მიხედვით ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში “ფეისბუქი” პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

“ეს წერილი ადასტურებს, რომ “ფეისბუქი” სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, “ფეისბუქისთვის” მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება.

ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ცხადია, სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა “ფეისბუქზე” 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს”, – აცხადებს ბენიძე.

ნეტგაზეთთან საუბარში მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედება პოლიტიკური რეკლამების მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს სოციალურ ქსელში, მათ შორის ე.წ. ყალბი გვერდებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ გვერდებს, რომლებიც პოლიტიკის შესახებ გარკვეულ პოსტებს დააფინანსებენ, მოუწევთ ფეისბუკს წარუდგინონ ანგარიშები, მათ შორის ის, თუ ვინ იხდის ფულს.

მოუსმინეთ ინტერვიუს მიხეილ ბენიძესთან, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გარემოსთვის საქართველოში:

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილმა Facebook-ს 29 ივნისს ღია წერილით მიმართა და პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა მოითხოვა. წერილის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სოციალურ ქსელს ფართომასშტაბიანი დისკრიმინაციული კამპანიისთვის იყენებდა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ანონიმური გვერდებით სარგებლობდნენ. ამ ყველაფრის მიზანი კი ამომრჩეველზზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში სწორედ ეს მეთოდი გამოიყენებოდა. ხელმომწერი ორგანიზაციები სოციალური ქსელისგან ითხოვენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი