ახალი ამბები

ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

5 მაისი, 2020 • 1737
ფეისბუკის განცხადება ხელისუფლებასთან და ენმ-სთან დაკავშირებული ანგარიშების წაშლაზე

ფეისბუკმა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” გამო.

როგორც ფეისბუკი აცხადებს, მათ გააუქმეს 511 გვერდი, 101 ფეისბუკ-ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამის ანგარიში. ფეისბუკის განცხადებით, აღნიშნული გვერდები და ანგარიშები ქვეყნის შიგნიდან იმართებოდა და დაკავშირებულია მედიაკომპანია “ესპერსონასთან”.

სოციალური ქსელის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული ანგარიშები დაიბლოკა ფეისბუკის პლატფორმიდან.

“ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ საქართველოში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში, რომლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა. წარსულში მსგავსი გვერდების წაშლასთან სწორედ ამ ორგანიზაციებს ჰქონდათ კავშირი”, – აცხადებს ფეისბუკი.

სოციალური ქსელის განცხადებით, ზუსტად იგივე მიზნითა და მიზეზით დაწყებული გამოძიების ფარგლებში წაშალეს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ქსელიც. კერძოდ, კომპანიის ცნობით, მათ გააუქმეს ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული 23 ფეისბუკ-ანგარიში, 80 გვერდი, 40 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ ანგარიში.

საქართველოში ფეისბუკმა 400-ზე მეტი ყალბი ანგარიში ჯერ კიდევ გასული წლის 20 დეკემბერს გააუქმა.

კოკა ყანდიაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან აფილირებული პირია, რომელიც მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი