ახალი ამბები

ტერიტორიების გაცვლა და ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებები [ფოტო]

26 აპრილი, 2016 • 2308
ტერიტორიების გაცვლა და ბოტანიკური ბაღის დირექტორის განმარტებები [ფოტო]

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის განცხადებით, მათ თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა თხოვნით, რომ ემსჯელათ ბაღის ტერიტორიაზე არსებული 4-ჰექტარიანი მიწის ფართის გაცვლის თაობაზე. როგორც დარჩიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, მათ 1,5 თვის განმავლობაში იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შეთავაზებული ტერიტორია ბაღის მიზნებსა და ინტერესებს უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ის, რომელიც მათ გაცვლის ფარგლებში დათმეს.

“ჩვენ თებერვალში მოგვმართა მერიამ. ის ითხოვდა ჩვენს მოსაზღვრე თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის გამდმოცემას, სამაგიეროდ მათთვის უნდა მიგვეცა ჩვენი ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი. ჩვენ შევაფასეთ ეს შემოთავაზება. დაახლოებით 1,5 თვე ვმუშაობდით ამაზე, აღვწერეთ ჩვენი ტერიტორიაც და შემოთავაზებული ფართიც. შემოთავზებული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო და უშუალოდ ემიჯნება ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილს, ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ცენტრალურ ნაწილში ბაღის გაფართოება ჩვენს ინტერესებთან შესაბამისობაშია. აქ საუაბრია საზღვრების კორექტირებაზე საერთო ფართის უცვლელად [ორივე ტერიტორია 4 ჰექტარია]”, – განაცხადა დარჩიძემ ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე თქმით, ტერიტორიას, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ჩამოერთვა, სათანადოდ ვერ იყენებდნენ:

“იმ ტერიტორიაზე არ გაგვაჩნდა არც კომუნიკაცია, არც სარწყავი სისტემა, არც მცენარეთა კოლექცია. იქ იყო ქვა-ღორღიანი და მიუდგომელი ტერიტორია – მთის ფერდობი. სანაცლოდ ჩვენ ვიღებდით ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილთან უშუალოდ მოსაზღვრე  ვაკე ტერიტორიას. ეს არის პერსპექტიული ადგილი ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის. ეს არის კრწანისი-შინდისის შესაძლო გზასთან [რომელიც ჯერ არ აშენებულა] უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორია და [გზის გაყვანის შემთხვევაში] ბაღი მიიღებს ალტერნატიულ შემოსასვლელს. გარდა ამისა, იქ არის კარგი ნარგავები და იძლევა კოლექციის განვითარების შესაძლებლობას. ხე-ხილოვან მცენარეთა კარგი კოლექციაა. ეს კომპონენტები ჩვენ შევაფასეთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (ჩვენ დავაყოვნეთ პასუხი) გამოვაცხადეთ თანხმობა. ეს შედიოდა ჩვენს ინტერესებში”, – ამბობს ბაღის დირექტორი და დასძენს, რომ მისთვის უცნობია, რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია ფინსერვისს ის ტერიტორია, რომელიც მან ბოტანიკურ ბაღს გაუცვალა.

დარჩიძის თქმით, ბოტანიკური ბაღი ქალაქის საკუთრებაა და სწორედ ქალაქის თვითმმართველი ორგანოები წყვეტენ ბაღის ბედს, თუმცა მერიამ მათ, როგორც უზურფრუქტორს, ანუ ფაქტობრივ მოსარგებლეს, მიმართა კითხვით, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ამგვარ გაცვლაზე.

“იმდენად მგრძნობიარეა ის ტერიტორია, რაც ჩვენ გადმოგვეცა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ბოტანიკური ბაღი შესულიყო იმ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია უშუალოდ ადგას თავზე ბაღის პარტერს და იქ რაიმე მშენებლობები რომ გამართულიყო, როგორც კერძო საკუთრებაში, ძალიან დაამახინჯებდა ბაღის იერს. ამ გაცვლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ სივრცე დაგვეჭირა კოლექციისთვის და ბაღის მიზნებისთვის. ჩვენი აზრით, ეს სასარგებლო გაცვლა იყო”.

კითხვას, რატომ განხორციელდა ბარტერი მალულად და რატომ არ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ეს ყველაფერი მანამ, სანამ გარიგება დასრულდებოდა, იგი ასე პასუხობს:

“რას ნიშნავს მალულად მოხდა? არსებობდა ოფიციალური მიმოწერა და ყველა ეს დოკუმენტი დღეს ხელთ ეჭირა ნიკა მელიას. ეს არის ისეთი ადმინისტრაციული საკითხები, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის, ანუ ჩვენი კომპეტენცია სავსებით საკმარისია გადაწყვიტოს, ბაღის კოლექციისთვის რომელი ნაკვეთი არის უფრო მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, საზოგადოების მაჯისცემას უნდა მივადევნოთ და ეს გამჭვირვალე უნდა იყოს… ბაღში ყველა ძირითადი პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ეს, უბრალოდ, საზღვრების კორექტირება იყო, რაც ბაღის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. მათ შორის 2011 წელს, როდესაც ბაღს ტერიტორიის ნაწილი ჩამოეჭრა და კერძო საკუთრებაში გადავიდა და ასე შემდეგ”, – აცხადებს იგი.

კითხვას, თუ თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბაღისთვის შემოთავზებული ტერიტორია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რომელიც ფინსერვისს გადაეცა, რატომ ფიქრობდნენ 1,5 თვის განმავლობაში, იგი ასე პასუხობს:

“1,5 თვე ვაფასებდით იმ ტერიტორიას, რაც შემოგვიერთდა. აღვწერეთ მცენარეები და არსებული ინსფრასტრუქტურა, დავთვალეთ სავარაუდო ხარჯები, რაც შემდეგში დაგვჭირდება მარშრუტების დაგეგმისთვსის, ეს ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, როგორც დენდროლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. კარგია და მინდა, ეგრე არ არის. ეს გავაანალიზეთ და შემდეგ გავეცით პასუხი. აქ მთავარი ის კი არაა, რა მცენარეები შემოგვიერთდა, არამედ ის, ტერიტორიას რა პოტენციალი აქვს, რომ მცენარეები გაიზარდოს. ბოტანიკური ბაღი რთულ ლანდშაფტურ სივრცეში მდებარეობს, სადაც ვაკე ტერიტორიები ნაკლებადაა. ეს ტერიტორია იძლევა პარკის თვალსაზრისით განვითარების შესაძლებლობას. იქ არის კვიპაროსების კარგი ხეივანი, ფიჭვების ახალი ნარგავები, არის ხე-ხილოვან მცენარეთა კოლექცია და მშვენიერი ხედები ბაღზე და ქალაქზე, რაც გაზრდის ბოტანიკური ბაღისადმი ინტერესს და პოტენციალს. სწორედ ეს იქნა შეფასებული”, – აცხადებს იგი.

IMG_3137

თაბორის მთა, რომელზეც ბოტანიკური ბაღისათვის ბარტერის ფარგლებში გადაცემული ტერიტორია მდებარეობს

ტერიტორია, რომელიც ბარტერის ფარგლებში ფინსერვისს გადაეცა და რომელიც ბაღის ადმინისტრაციის შეფასებით: "აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობია"

ტერიტორია, რომელიც ბარტერის ფარგლებში ფინსერვისს გადაეცა და რომელიც ბაღის ადმინისტრაციის შეფასებით: “აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობია”. ფოტო მოგავწოდა ბაღის ადმინისტრაციამ.

ინფორმაცია ზემოხსენებული ფაქტების შესახებ პირველად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ და საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ გაასაჯაროეს. ნიკა მელიას თქმით, ამ შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლაც პრობლემურია, რადგან ახლა კომპანიას მიღებულ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის უფლება აქვს, რადგან საკრებულომ ზონას შესაბამისი სტატუსი მალევე შეუცვალა.

ნიკა მელიამ დღეს საკრებულოს “ნაციონალ” წევრ ირაკლი აბესაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მეორე ინფორმაციაც გახადა საჯარო, რომელიც ასევე ივანიშილს უკავშირდება:

“შარშან, წლის ბოლოს კრწანისი – შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა.

დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე ( 29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება ( 3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც კრწანისი – შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია! ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს!

ამ წუთიდან ჩვენ 2 კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს:

1. ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ტერიტორია.

2. დღის განმავლობაში ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება, რის შედეგადაც იგი საზოგადოების წინაშე პირობას დადებს და გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს!

დამატებით დეტალებს ხვალ/ზეგ გაცნობებთ ფბ და მედიასაშუალებებით! მე პირადად არ ვაპირებ შევეგუო ამ თავხედურ და დამცინავ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის გარშემო მთელი თბილისი გაერთიანდება!

პ.ს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, თუ რატომ გაათავისუფლეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი…”, – წერს მელია ფეისბუკით გავრცლეებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი