ახალი ამბები

“სოვლაბი” მთავრობას ეროვნული არქივისა და ბიბლიოთეკის გახსნას სთხოვს

15 ივლისი, 2020 • 1177
“სოვლაბი” მთავრობას ეროვნული არქივისა და ბიბლიოთეკის გახსნას სთხოვს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მთავრობას პანდემიის გამო დაკეტილი ეროვნული არქივისა და ბიბიოთეკის მაქსიმალურად სწრაფად გახსნას სთხოვს.

სოვლაბში აცხადებენ, რომ უკვე 4 თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისა და შესაბამისი ზომების – კარანტინისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის შემოღების გამო მოქალაქეთა მიღება და მომსახურეობა შეჩერებული აქვს სახელმწიფო არქივებსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას:

“თითქმის 1 თვეა, რაც საჯარო და კერძო დაწესებულებების უმრავლესობამ განაახლა მოქალაქეთა მომსახურეობა, ვირუსისაგან დაცვის შესაბამისი ზომების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არქივები და პარლამენტის ბიბლიოთეკა კვლავ დახურულია. არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ როდიდან იგეგმება მათი მუშაობის განახლება.

პანდემიისაგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მკვლევართა და მკითხველთა საზოგადოება ამ თვეების განმავლობაში ადეკვატურად აფასებდა არსებულ შეზღუდვებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვიქმნა კვლევის პროცესში. დღეისათვის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, ამ დაწესებულებებმა მაქსიმალურად სწრაფად განაახლონ მკვლევართა და მკითხველთა მიღება, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით”, – აცხადებენ სოვლაბში.

სოვლაბი აღნიშნავს, რომ საარქივო კვლევის სპეციფიკისა და საბიბლიოთეკო ფონდებთან მუშაობის წესები ისედაც, პანდემიის საფრთხის არსებობის გარეშეც, მოითხოვს ჰიგიენის მკაცრად დაცვას – პირბადითა და ხელთათმანებით მუშაობას, ვიზიტორიებისათვის ინდივიდუალურ სამუშაო მაგიდას, მათ ყოველდღიურ აღრიცხვას და ა. შ.

“გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მკვლევართა საზოგადოების ამ პრობლემას და მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოთ ამ დაწესებულებების გახსნა, რომლებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ შესაბამის ბრძანებას ელიან მუშაობის განსაახლებლად”. – მიმართავს სოვლაბი მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი