ახალი ამბები

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე 68 პარტიამ გამოთქვა

15 ივლისი, 2020 • 1707
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე 68 პარტიამ გამოთქვა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს ამოეწურათ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მიმართვის ვადა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ ცესკოსთვის.

“განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197)”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი