ახალი ამბები

ევროპარლამენტის ანგარიში და შეფასებები

14 ივლისი, 2020 • 1136
ევროპარლამენტის ანგარიში და შეფასებები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 56 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.

დოკუმენტში ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და აღიარებენ საქართველოს პროგრესს ზოგადი რეფორმების გატარებაში, რამაც ქვეყანა ევროკავშირის ძირითად პარტნიორად აქცია რეგიონში. ამავდროულად, ისინი საქართველოს შეახსენებენ, რომ თანამშრომლობის გაფართოება და ევროკავშირის დახმარება დამოკიდებულია შემდგომ პროგრესზე რეფორმებში, კერძოდ, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სფეროებში, ინსტიტუტებში კონტროლისა და დაბალანსების სისტემის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო რეფორმის ჩათვლით.

ევროპარლამენტარები აქებენ ქართველ ხალხის და ხელისუფლების ეფექტურ პასუხს COVID-19-ის პანდემიაზე, ისევე როგორც სამედიცინო სექტორის მიერ გაწეულ სამუშაოს.

ბოლოდროინდელი შიდა დაძაბულობისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის პერიოდის შემდეგ, ევროპარლამენტი მიესალმება ყველა მსხვილი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას საარჩევნო სისტემის საკვანძო საკითხებზე და ხაზს უსვამს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება “ცენტრალური საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დასადასტურებლად”. ანგარიშში გამოთქმულია იმედი, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი კონკურენციის პირობებში წარიმართება.

საარჩევნო წლის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ერთმანეთისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რათა მათი მიღწევები და მისწრაფებები არ ემსხვერპლოს შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას”, – განაცხადა მომხსენებელმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან სვენ მიქსერმა.

დოკუმენტში საქართველოში არსებული მედიაგარემო შეფასებულია როგორც “პლურალისტური, დინამიკური და, ამავვდროულად, პოლარიზებული”. დეპუტატები ხაზს უსვამენ საარჩევნო კამპანიის დროს სარედაქციო დამოუკიდებლობის და პოლიტიკური შეხედულებების არადისკრიმინაციული გაშუქების მნიშვნელობას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების მხრიდან.

ანგარიშის პროექტში არ შევიდა შესწორებება სახელობითად გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე, თუმცა ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისა და მედიამფლობელების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნისგან და გადადგას ნაბიჯები როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აქტორების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

“რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობის და ურთიერთობისა, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში “ქრონიკასთან” საუბარში.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებას “არასერიოზულ და ბრიყვულ თავის მართლებას” უწოდებს, აცხადებს რა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ.

“მორიგი არასერიოზული ბრიყვული თავის მართლებაა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, დოკუმენტში რურუას გვარი არ წერიაო, მაგრამ რომ წერია, მედიასაშუალებების მფლობელებზე დევნა უნდა შეწყდესო? ვინ არის “მთავარი არხის” აქციონერი? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს? სჯობს, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში იმეცადინონ. თუ მთავრობას არ უნდა გაიგოს, მაშინ გააგებინებენ – არსებობს უამრავი სხვა მეთოდი, მათ შორის, პერსონალური სანქციები”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ დაუსრულებელ საქმეებზე სახელის და გვარის ხსენებას ყველა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, მაგრამ ეს არ ცვლის ანგარიშის მთავარ არსს.

“იმ ენაზე, რაც დემოკრატიებს და კომპრომისულ ენას ახასიათებს ხოლმე, არის ძალიან მკაფიო გზავნილი – უნდა შეწყდეს ძალადობა საზოგადოების ნებაზე, რაც გამოიხატება როგორც ოპონენტების, ისე მედიამფლობელების პოლიტიკურ დევნაში და საზოგადოების წინაშე დათქმული სიტყვა უნდა შესრულდეს. ქება არის საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაზე, რასაც საზოგადოება ითხოვდა და ივანიშვილი იძულებული იყო, მიეღო, მაგრამ იქვე არის დათქმული, რომ ბოლომდე უნდა შესრულდეს ის სიტყვა, რაც ითქვა. სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი მოვისმინე, რურუას გვარი არ არის ნახსენებიო… იმ საქმეებზე, რომელიც გადაწყვეტილი არ არის, ერიდებიან ხოლმე გვარის თქმას, მაგრამ არსი არის ის, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, მედიამფლობელების დევნა უნდა შეწყდეს და იქვე შექების სახით ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალება, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს გამორჩა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშში ევროპარლამენტის წევრები სინანულს გამოთქვამენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა სერიოზული ნაკლოვანებებით წარიმართა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაში არ იყო. დოკუმენტი ხაზს უსვამს პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი, დეპოლიტიზებული სასამართლო სისტემის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

ანგარიშში აღნიშნულია რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და გამოთქმულია შეშფოთება უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის გამო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი