ახალი ამბები

პროკურატურა ბანკის თანამშრომელზე თავდასხმის საქმის ფიგურანტებისთვის ბრალის წარდგენას ხვალ აპირებს

12 ივლისი, 2020 • 1055
პროკურატურა ბანკის თანამშრომელზე თავდასხმის საქმის ფიგურანტებისთვის ბრალის წარდგენას ხვალ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის შვილი დაკავებულია. როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში უთხრეს 24 ივნისს თბილისში მომხდარი ჩხუბის საქმეზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ, 13 ივლისს წაუყენებენ.

შსს-ს ინფორმაციით, მედიაში გასული ანონსის შემდეგ ორი პირი დააკავა, ერთი კი 2000 წელს დაბადებული დ. კ. საკუთარი ნებით მივიდა განყოფილებაში. კობა კობალაძემ ნეტგაზეთს უთხრა პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისი შვილი მივიდა.

“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არც დანაშაული იქნება დაფარული და არც ვინმეა ისეთი, ვისაც განცდა აქვს, რომ სამართალი მასთან არ მივა, თუმცა არც უდანაშაულო უნდა იქნეს დასჯილი. ეტყობა, დაკავებულია, რადგან გუშინ განყოფილებიდან სახლში არ დაბრუნდა… რა თქმა უნდა, დაკავებულია,”-უთხრა კობალაძემ ნეტგაზეთს.

შსს-ს მიერ 12 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, 24 ივნისს თბილისში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს, საქმეზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ძალადობა ჯგუფურად) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ცივი იარაღის ტარება).

“ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა,”-აცხადებენ შსს-ში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უშუალოდ დეპუტატის შვილთან მიმართებაში მუხლი დაკონკრეტებული არ არის.

ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, ახალგაზრდების ჯგუფი თბილისში ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელს თავს დაესხა და დაჭრა. ფაქტი თითქმის 20 დღის წინ მოხდა, თუმცა სიუჟეტის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში დაკავებული არავინ იყო, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა ქუჩაში მოხდა დღისით, ტერიტორიაზე, რომელსაც კამერები ფარავს. სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ გამოძიება იმის გამო ჭიანურდება, რომ მასში მონაწილე ერთ-ერთი პირი მაღალი თანამდებობის პირია.

“ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ”, – განაცხადეს შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი