ახალი ამბები

„გადაარჩინე ხადა“ – ახალი პეტიცია მთავრობას, EBRD-სა და ADB-ს

9 ივლისი, 2020 • 1836
„გადაარჩინე ხადა“ – ახალი პეტიცია მთავრობას, EBRD-სა და ADB-ს

ახალი პეტიცია საქართველოს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს — აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) — მოუწოდებს, უარი თქვან კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის ხადის ხეობაში გატარებაზე.

ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილ მშენებლობას.

თუმცა, ამ წინააღმდეგობისა და სპეციალისტების, ადგილობრივებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის მიუხედავად, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობა მაინც იწყება.

პეტიცია, რომლის ავტორია 2019 წლის შემოდგომაზე დაარსებული „მთიულეთის სათემო ორგანიზაცია“, 9 ივლისს შეიქმნა.

პეტიციის სრული ტექსტის და მოთხოვნების გაცნობა და ხელმოწერა შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

„უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება. რუსეთისკენ მიმავალი მასშტაბური მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, სწორედ ხადის ხეობის გავლით გადაწყვიტა“, – წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორების თანახმად, არაერთი აქტორი ერთი წელია სხვადასხვა მეთოდით იბრძვის, რათა ხადის ხეობას ააცილონ ეს პროექტი, თუმცა, „სხვადასხვა სახის დარღვევებისა და მრავალმხრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინასამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო“.

„ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ამ პროექტის ხადის ხეობაში განხორციელებით დავკარგავთ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მემკვიდრეობას. ამიტომ, გთხოვთ, გავერთიანდეთ ხადის დასაცავად და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მის სწორად განვითარებას“, – წერია პეტიციაში.

ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული,კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით“, – ციტირებს ხადის მკვიდრ გიგა ჩოხელს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაცია ასევე ავრცელებს ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის კომენტარს:

„ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე, დაუშვებლად მიგვაჩნია მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც უნდა მოხდეს სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა“.

ვრცლად ამ საკითხზე „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი