ახალი ამბები

ქალაქი, სადაც წელიწადის 273 დღის განმავლობაში სუნთქვა სახიფათოა

30 ივლისი, 2021 • 2293
ქალაქი, სადაც წელიწადის 273 დღის განმავლობაში სუნთქვა სახიფათოა

რუსთავის ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია საქართველოში. ჰაერის დაბინძურების უშულო პროცესიც და შედეგიც აქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – ქალაქის საწარმოებიდან თითქმის ყოველდღე ჟანგისფერი კვამლი და მტვერი გამოდის, რომელიც საბოლოოდ, მოქალაქეთა ფილტვებში ხვდება.

რუსთავში რომ ჰაერი განსაკუთრებულად დაბინძურებულია, იცის სახელმწიფომაც. წლიური ოფიციალური ანგარიშის თანახმად, რუსთავში 365 დღიდან 273 დღე ჰაერის ხარისხი ან ცუდია, ან ძალიან ცუდი – ანუ ჯანმრთელობისთვის საშიში.

სქრინი: air.gov.ge-დან

ამ მონაცემებში განსაკუთრებით პრობლემური ის არის, რომ ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა – PM10, PM2.5 – დაბინძურებული. ეს ნაწილაკები კი თავის მხრივ არაერთ დაავადებას იწვევენ.

2021 წლის ზაფხულში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც ქალაქში არსებული ქიმიური, მეტალურგიული თუ სხვა საწარმოების მუშაობა უკეთ უნდა დაარეგულიროს  – კერძოდ, ფილტრაციის სისტემა გააუმჯობესებინონ. ასევე, დაავალდებულონ საწარმოებს ქიმიური ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევის ე.წ. თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა.

თუმცა, აქტივისტების თქმით, კანონს ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია.

ვინ და როგორ ცდილობს ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას

რუსთავის ცენტრიდან საწარმოო ნაწილამდე მისვლას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. თუმცა, ქალაქის წყნარი ქუჩებისგან განსხვავებით, აქ გზა მოუპირკეთებელია, ქუჩის ორივე მხარეს კი საწარმოების მაღალი შენობები დგას.

საწარმოთა ნაწილი საბჭოთა კავშირის დროსაა აშენებული – მინები ჩამტვრეული აქვს, კედლები კი- ჩაჟანგებული. ზოგიერთი შედარებით ახალია. თუმცა ბევრ მათგანს ის აერთიანებს, რომ მათი შენობის მილებიდან თუ ღიობებიდან გამოსული ქიმიური ნივთიერებები ჰაერს აბინძურებს.

რუსთავის საწრმოებამდე მიმავალი გზა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ერთ-ერთი, ვინც ქალაქის ჰაერის გაუმჯობესებას ცდილობს –  თიკო მაღედანია. დღესდღეობით სათავეში უდგას მოქალაქეთა მოძრაობას „გავიგუდეთ“. სხვა ჟურნალისტებთან ერთად, სწორედ მან მიგვიყვანა რუსთავის საწარმოებში.

მოძრაობა „გავიგუდეთ“ მოხალისეობრივ ბაზაზე 2018 წელს შეიქმნა. აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტის ეს ორგანიზებული ფორმა მაშინ მოიფიქრეს, როდესაც დაინახეს – მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი სნეულდება, მათ შორის, სიმსივნური დაავადებებით.

„ხშირად ჰგონიათ, რომ ჰაერის დაბინძურება მხოლოდ სატრანსპორტო გამონაბოლქვი არის. რეალურად კი ეს ასე არაა. მაგალითად, თბილისსა და რუსთავს თუ შევადარებთ, თუ თბილისში მაღალია No2-ის  (აზოტის დიოქსიდი) გადაჭარბება და ძირითადად სატრანსპორტო გამონაბოლქვი არის, რუსთავში No2 ძირითადად ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ მაგისტრალის გასწვრივ ქუჩებზე აჭარბებს.

ძირითადი წილი დაბინძურების კი მოდის მტვრის მყარ ნაწილაკებზე ( PM2.5;PM10), რაც დიდწილად უკავშირდება საწარმოო გამონაბოლქვს, ამას კი ადასტურებს თავად გარემოს დაცვის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები. ძირითადი საწარმოები დაბინძურების 97%-ს წარმოადგენენ“, – ამბობს ნეტგაზეთთან თიკო მაღედანი.

გამონაბოლქვი რუსთავის ერთ-ერთი საწარმოდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მაღედანი გვიყვება, რომ საწარმოთა ნაწილი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მუშაოებენ და არ არსებობს ძლიერი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც ამას გააჩერებდა. არის შემთხვევები, როდესაც სახლები საწარმოდან 300 მეტრის მოშორებით დგას.

თუმცა არც საწარმოსგან შედარებით მოშორებით ცხოვრება იცავს მოსახლეობას, რადგან ქარს გამონაბოლქვი მთელ რუსთავსა და ახლომდებარე დასახლებებამდე მიაქვს. ძლიერი ქარის შემთხვევაში კი ემისია თბილისამდეც აღწევს.

რუსთავის საწარმოო ნაწილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„საქმე ისიც არის, რომ ჩვენი ფონური სადგური, რომელიც რამდენიმე წლის წინ დადგეს, ზომავს მხოლოდ 6 დამაბინძურებელს. ჩემი ინფორმაციითა და რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მიხედვით – დამატებითი ნივთიერებები უნდა დაემატოს და გაიზომოს, რა დამაბინძურებლები არის ქალაქში. თუმცა სრული სურათი ამ ეტაპზე არ გვაქვს – არ ვიცით სრული სურათი.

ეს ფონური სადგური დგას ძველ რუსთავში, ზომავს ფონურ სიტუაციას, თუმცა, კონკრეტულ ადგილებში, შესაძლოა, უარესი საგანგაშო მდგომარეობა გვქონდა“, – განმარტავს თიკო მაღედანი და ამატებს, რომ ის მონაცემებიც კი, რაც ამ ეტაპზე არსებობს, ქალაქისთვის უკვე კატასტროფულია.

დღესდღეობით არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადგენდა უშუალო კავშირს წარმოებებსა და მოქალაქეთა ავადობას შორის – „თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ძალიან მომატებულია ალერგიები, სიმსივნეები და ა.შ. და ამას ნამდვილად სჭირდება კვლევა.“

საწარმო „რუსელოისის“ ტერიტორია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თიკო მაღედანი გვიყვება, რომ 2021 წლის ზაფხულიდან რუსთავისთვის მნიშვენლოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა. ცვლილებები სამ კანონს ეხება – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა; ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონები.

საწარმოთა სია, რომლებსაც ახლადამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება ეხება.

ერთ-ერთი ცვლილება გაზრდილ ჯარიმებს ეხება – იმ შემთხვევაში, თუ ემისიების რაოდენობამ დადგენილ ნორმას გადააჭარბა, საწარმო 5-დან 40-ათასამდე ლარით შეიძლება დაჯარიმდეს, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან საწარმოს აღარ უღირს დარღვევებით მუშაობა და ურჩევნია, ამ თანხით საწარმოო პროცესი გააუმჯობესოს.

მეორე ცვლილება საწარმოების მილებში ე.წ. თვითმზომი მექანიზმის დაყენების ვალდებულებას ეხება – ეს დანადგარი ავტომატურ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ემისიების გადაჭარბების შესახებ და, შესაბამისად, საწარმოებიც ავტომატურად უნდა დაჯარიმდნენ.

„რუსელოისის“ საწარმო. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ზოგადად კი, საწარმოთა ფილტრაციის სისტემა სპეციალურ მოწყობილობებს გულისხმობს, რომელიც გამონაბოლქვიდან მავნე ნივთიერებების დიდ ნაწილს ფილტრავს. სხვადასხვა წარმოებისთვის სხვადასცვა ფილტრაციის სისტემა არსებობს, რომლებსაც განსხვავებული პროცენტულობა აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, ზოგიერთ საწარმოს ჰქონდა კიდეც ფილტრები, თუმცა ყოველთვის არ ამუშავებდნენ. ერთადერთი ბერკეტი, რაც სამინისტრომ დაინახა და რაშიც ჩვენც ვეთანხმებით – არის ეს თვითმზომები. გვესმის, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხებთან  შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოხერხდა ის, რომ წარმოება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო“, – ამატებს თიკო მაღედანი და დასძენს, რომ მოძრაობის მიზანი არა საწარმოების დახურვაა, არამედ მათი უსაფრთხო მუშაობა. ამ დროისთვის რუსთავის დაახლოებით 8 000-მდე მცხოვრებელი ამა თუ იმ საწარმოშია დასაქმებული, შესაბამისად, მათი დახურვა სამუშაო ადგილების გაუქმებას ნიშნავს.

მესამე ცვლილება კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, განსაკუთრებულად დიდი დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საწარმოს დანადგარის ან მთლიანად ობიექტის დალუქვის საშუალებას აძლევს.

თიკო მაღედანი „რუსელოისის“ საწარმოს წინ. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა მხოლოდ თვითზომები და ამაზე ჩვენ დამატებითი ვადა მივეცით [შემოდგომამდე], რადგან მეწარმეების პოზიცია არის ასეთი, რომ ადგილზე რახან არ არსებობს ეს თვითმზომები, ჩვენ გვჭირდება გარკვეული ვადები, რომ მოვიძიოთ ისინი. ამბობდნენ, რომ სამინისტრომ დაიგვიანა პარამეტრების გადაგზავნა, რომელსაც თვითმზომები უნდა აკმაყოფილებდნენ და უწევთ უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკების დაწყება და ამ ყველაფერს სჭირდება ვადები.

ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ვფიქრობთ, რომ აქამდეც უნდა მომზადბეულიყვნენ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ შევდივართ ისევ იქ, დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაში და ამიტომ რადიკალურები არ ვართ. ვითხოვთ, რომ ფილტრები უკვე უნდა ჰქონდეთ, რადგან ეს მანამდეც სავალდებულო იყო და იმ გაფქრვევას, რასაც ჩვენ კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში ვხედავთ, არ უნდა ვხედავდეთ“, – ამბობს თიკო მაღედანი.

ის განმარტავს, რომ მოძრაობას არ უნდოდა სამართლებრივი დავის წამოწყება – „თუმცა სხვა გზა აღარ დაგვრჩა, ავიყვანეთ იურისტი და შესაბამის საჩივრებს მოვამზადებთ და დავიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას დარღვევების წინააღმდეგ“, – ამატებს ის.

საწარმო რუსთავში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხი

ნეტგაზეთმა რუსთავის საწარმოებისა და ჰაერის შესახებ კითხვებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც მიმართა. უწყებამ გვიპასუხა, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. ბოლო მონაცემებით კი, უწყებამ 23 საწარმოს მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე პრიმა მუხლით ოქმები დაწერა. ამ 23-დან 6 საწარმო მდებარეობს რუსთავში.

76-ე პრიმა მუხლი გულისხმობს – „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა“.

დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი ობიექტთა სია

დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილი ობიექტთა სია

ამ ეტაპზე ოქმები გაგზავნილია სასამართლოში. უწყებაში კი ამბობენ, რომ მონიტორინგი გაგრძელდება. თუ სასამართლომ ამ მუხლის დარღვევა დაადგინა, კომპანიამ პირველ ჯერზე ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს.

რამდენიმე საწარმოს, რომლებსაც დეპარტამენტმა ოქმები გამოუწერა, ნეტგაზეთმა ფილტრაციისა და გამონაბოლქვის მონიტორინგის შესახებ კითხვებით მიმართა. ამ დრომდე ჩვენს კითხვებს მხოლოდ „ჰაიდელბერგ ცემეტნმა“ უპასუხა.

კომპანია წერილობით პასუხში ადასრტურებს ოქმის გამოწერის ფაქტს, თუმცა, ასევე, დასძენს:

„გამომდინარე იქიდან, რომ კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება მოხდა დაგვიანებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული უწყვეტი მონიტორინგის ვალდებულების შესრულება პირველი ივნისისთვის ვერ მოხერხდა.

საქმე ის არის, რომ განახლებული რეგლამენტი უნდა გამოქვეყნებულიყო 2021 წლის პირველ იანვარს და ძალაში შესულიყო პირველ ივნისს, მაგრამ დოკუმენტის გამოქვეყნება მხოლოდ 27 აპრილს მოხერხდა (ცვლილები შევიდა 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში). გარდა ამისა, კანონქვემდებარე აქტის საბოლოო ტექსტი შინაარსობრივად განსხვავდება პირვანდელი ვერსიისგან; საბოლოო ტექსტში შეცვლილია ის ტექნიკური პარამეტრები, რომლის საფუძველზეც უნდა შევადგინოთ შესაბამისი ტექნიკური დავალება.

უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქცია გამოქვეყნდა 24 მაისს (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-740), რომელიც განსაზღვრავს მონაცემების ჩაწერის და სამინისტროსთვის გადაცემის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, რეგლამენტების გამოქვეყნებამდე ტექნიკური დავალების შედგენა და მომწოდებლებისთვის გაგზავნა შეუძლებელი იყო“, – გვწერს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“.

მათივე თქმით, კომპანიას უკვე შერჩეული ჰყავს შესაბამისი აღჭურვილობის მომწოდებელი და კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას მოახერხებს წლის ბოლომდე.

სხვა საწარმოების პასუხებს ამ დრომდე ველოდებით.

მუნიციპალიტეტის პასუხი

რუსთავში ჰაერის გაუმჯობესებაზე, გარდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, პასუხისმგებელია ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რასაც ასევე მოწმობს რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. გეგმის თანახმად, 2022 წლამდე ასევე უნდა შემცირდეს ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა.

სქრინი რუსთავის სამოქმედო გეგმიდან.

დოკუმენტის თანახმად, მერიის მუნიციპალიტეტმა გეგმის ორი ნაწილი უნდა შეასრულოს – განაახლოს ავტოპარკი და გაზარდოს გამწვანებული სივრცეების რაოდენობა. 2020 წლისთვის რუსთავის მწვანე ზონების ფართობი 1 008 ჰა-ს უნდა შეადგენდეს, 2019 წლის მონაცემების თანახმად კი, ფართობი 985 ჰა-ს უტოლდება.

ნეტგაზეთს რუსთავის მერიაში უთხრეს, რომ ამ გეგმის პირველი პუნქტი შესრულებელია, რადგან ქალაქში ავტოპარკი განახლდა და მოქალაქეებს 40 ევროპული სტანდარტის ავტობუსი ემსახურება.

მუნიციპალიტეტში ასევე გვითხრეს, რომ ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სკვერების დამატება და უკვე არსებული სკვერებით კეთილმოწმობა. ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტიდან 7 464 731 ლარი რეკრეაციული პროექტებისთვისაა გამოყოფილი.

უწყებისგან ველოდებით მონაცემს შესასრულებელ მიზნამდე – ანუ 1 008 ჰა-მდე რამდენი აკლია რუსთავს.

ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სასუნთქი გზების, გულსისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებებთან – ქოჩლაძე

„ძირითადი გადაჭარბება რუსთავის შემთხვევაში ეს არის შეწონილი ნაწილაკები. შეწონილი ნაწილაკებია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა წარმოებისას. მათ არაერთი დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, რადგან ეს ნაწილაკები მარტივად გადადიან ფილტვიდან სისხლში და  ადამიანის ორგანიზმის ყველაზე სუსტს ნაწილებს ურტყამენ“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში „მწვანე ალტერანტივის“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე.

როგორც ის გვიხსნის, ჰაერის დაბინძურებასთან ძირითადად დაკავშირებულია სასუნთქი, გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებები.

მანანა ქოჩლაძე

„გარემოს ზედამხედველობის ინსტიტუტი ზოგადად სუსტია საქართველოში, რაც გამოწვეულია როგორც ადამიანური რესურსების ნაკლებობით, ასევე იმითაც, რომ პრაქტიკულად ამ დრომდე მათ არ ჰქონდათ რეალური ინსტრუმენტი ხელში.

მათ შეეძლიოთ დაეჯარებინათ საკმაოდ მცირე თანხით საწარმო და ეს დაჯარიმებებიც სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა.. სანამ ეს მოხდებოდა და პროცესი მიმდინარეობდა, ახალი ჯარიმები დაბინძურების შემთხვევაში ვერ იწერებოდა, ჯარიმა არ იზრდებოდა განმეორების შემთხვევაშიც. ეს პრობლემა ახლა გარკვეულწილად მოხსნილია იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც კანონში შევიდა. ახლა უკვე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ ახალ სტატისტიკას, რომელიც 2021 წლის ივნისიდან აღირიცხება“, – განმარტავს ქოჩლაძე და ამატებს, რომ ცვლილებების ფონზე, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რომ დეპარტამენტმა აქტიური აღსრულება უზურნველყოს.

ზედახედი რუსთავზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი