ახალი ამბებისაზოგადოება

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

10 ოქტომბერი, 2019 •
₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა დიდ თავისტკივილს უჩენს ადგილობრივებს, გარემოდამცველებსა და კულტურული მემკვიდრეობის მცველებს.

  • სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მხოლოდ 5.6 ლარი ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში; მიწაში, რომელსაც, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, საერთოდ არ უპირებენ გაყიდვას;
  • მაგისტრალის ამ პროექტისთვის საჭირო, რამდენიმე შემთხვევაში „სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწა“, როგორც ამას ტრადიციული მესაკუთრეები უწოდებენ;
  • უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — IX-XI საუკუნეების დროინდელი ძეგლები: ძველი ქვა-ჯვრები, ეკლესიები, სალოცავები, შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელი არტეფაქტები და სხვადასხვა დროის საფლავები — რასაც სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს;
  • გზა-ხიდ-გვირაბების მშენებელი კომპანიია, რომელსაც მსოფლიო ბანკისაგან სანქციები აქვს დაწესებული;
  • აუთვისებელი ეკოტურისტული პოტენციალი, რომელიც შეიძლება გაქრეს;

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რის გამოც ქვეშეთი-კობის გზის მოწინააღმდეგეები მთავრობას ამ მონაკვეთის ალტერნატივის მოფიქრებისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთი მათგანი კი ამ ალტერნატივას თავად სახავს. რით პასუხობს ამ მოთხოვნას სახელმწიფო, რომელიც მრავალწლიანი სესხით აშენებს მაგისტრალს?

განახლება: 2020 წლის 7 თებერვალს „ნეტგაზეთმა“ 4-თვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო პასუხი გზების დეპარტამენტისგან. ეს მასალა უწყების მიღებული პასუხით ამავე დღეს განახლდა. პასუხი იხილეთ სტატიის ბოლოში.

„ხადა არ იყიდება“

6 ოქტომბერი: წელიწადის ამ დროისთვის ხადის ხეობაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი, ასე, 20-მდე ადამიანი, ხეობის სოფელ ბენიან-ბეგონის შუაგულში შეკრებილა ახალ თავისტკივილზე სათათბიროდ. ეს ახალი თავისტკივილი ხადის ხეობაზე გამავალი მაგისტრალია. ახალი გზა, რომელიც კობსა და ქვეშეთს ერთმანეთს დაუკავშირებს, 60-დან 20 წუთამდე შეამცირებს რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის ხანგრძლივობას.

გზის ასაშენებლად სახელმწიფოს ის ტერიტორიაც სჭირდება, რაც ხადელების კერძო და ტრადიციულ მფლობელობაშია. თუმცა არაერთი ადგილობრივი საერთოდ არ გეგმავს მიწის დათმობას, მით უმეტეს, ისეთი პროექტისათვის, რომლისგანაც სარგებელზე მეტად ზიანს მოელიან.

ადგილობრივების თქმით, ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო მხოლოდ 5 ლარსა და 60 თეთრს სთავაზობს ერთი კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ.

„ამბობენ, აქაური მიწა არ იყიდება და იმიტომ ღირს ასე იაფიო. არ იყიდება კი არა, არ ვყიდით!” ,— ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე შუახნის კაცი.

ადგილობრივების ნაწილის თქმით, შეთავაზებული ფასი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ სახელმწიფო არაფრად აგდებს მიწის ისტორიულ ღირებულებას. 6 ოქტომბრის შეკრებაზე ზურა ბურდულმა, დუშეთის ყოფილმა რწმუნებულმა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ამ პროექტს, თქვა, რომ შეთავაზებული ფასი შეურაცხმყოფელიც კია: „სხვა თუ არაფერი, მიწას რომ ხელი მოუჭირო, ძველი გამოთქმისა არ იყოს, სისხლი გაუვა, თქვენი, ჩვენი წინაპრების სისხლი. ასე როგორ შეიძლება შეფასდეს?!”

„ნეტგაზეთმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამ პროექტში სახელმწიფოს წარმოადგენს, ჰკითხა, რამდენ მესაკუთრეს სთავაზობენ ამ თანხას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ზურა ბურდულსაც და შეხვედრის სხვა დამსწრეებსაც არასწორად მიაჩნიათ მიწის შეთავაზებულ ფასზე კონცენტრირება, რადგან ამან შეიძლება ვინმეს იმის ილუზია გაუჩინოს, რომ სხვა ფასად შეიძლება მიწები დათმონ, რეალურად კი ასე არ არისო:

„ჩემს ნაკვეთზეც გადის გზა, მაგრამ არ მინდა, რომ გავიდეს. 5 ლარი და 60 თეთრი კი არა, რაც არ უნდა გადაიხადონ, არ მინდა. არ ვაპირებ. ხადა არ იყიდება“, — მტკიცედ ამბობს 28 წლის ლევან ზაქაიძე, რომელიც სოფელ ბეგოთკარში ცხოვრობს. ბეგოთკარი ხადის ხეობის 12 სოფლიდან ერთ-ერთია. პროექტის ზემოქმედების ზონაში 12-დან 9 სოფელი ხვდება.

სიტყვებს, „ხადა არ იყიდება“, იქაურები მანტრასავით იმეორებენ: სათემო შეხვედრაზე დაგვიანებით ამოსული სამი ახალგაზრდა კაცი ამ სიტყვებით ესალმება დამხვდურებს; თავიანთ გამოსვლაში ამ სიტყვებს აუცილებლად ახსენებენ; სოფელ წკერესკენ მიმავალ გზაზე ამ სიტყვებით გაფორმებული ბანერი დაგხვდებათ. „ნეტგაზეთთან“ საუბარშიც არაერთი რესპონდენტი იმეორებს იმავე ფრაზას.

„არა, ხადა არ იყიდება. არ უნდა გაიყიდოს… თუ ხალხისთვის კარგი უნდათ, რომ გამრავლდეს მოსახლეობა, ისევ ძველი გზა გაკეთდეს, მეტი ყურადღება მიექცეს, დაინიშნოს ექიმი სოფელში, იყოს სკოლა ან ბაღი, რომ ბავშვი მაინც გაზარდოს ადამიანმა, ვინმეს აქ დაბრუნება მოუნდეს, აქ იცხოვროს და სრულუფლებიანი მოქალაქის პირობები ჰქონდეს“, — გვეუბნება ლევან ზაქაიძე.

დაურეგისტრირებელი ტრადიციული საკუთრება

ადგილობრივებს მიწებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი აწუხებთ: ზოგიერთ ნაკვეთს, რასაც ისტორიულად ფლობდნენ და სადაც მაგისტრალი გაივლის, ვერ ირეგისტრირებენ და მფლობელებად არ ფიქსირდებიან. შესაბამისად, მოელიან, რომ მათ არც არაფერს აუნაზღაურებენ და არც ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს შესთავაზებენ.

ლია ბუჩუკური ერთ-ერთია მათგან, ვისაც ეს პრობლემა უდგას. მას სახლი ბენიან-ბეგონში აქვს, თუმცა მისი ოჯახი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობის მიწას ფლობს, რომელიც იურიდიულად მათ საკუთრებაში არ არის.

„შევიტანეთ განცხადება, რომ რეგისტრაციაში გადმოეცათ მიწა. მოვიდა პასუხი, რომ ვერ გადაგიფორმებთო. შემდეგ გავიტანეთ აღიარებით კომისიაზე. იქიდანაც უარი მოვიდა“, — გვიამბობს იგი. „ეგ არის მარტო, ეგ არის ჩვენი საარსებო წყარო. არ გაგვაჩნია მეტი არაფერი. კარტოფილს ვთესავდით მანდ და ბოლოს, ჩემი მეუღლე ცუდად რაც გახდა, მანდა ვთიბავთ, ძროხებისთვის ბალახი მოგვაქვს“.

არადა, როგორც ლია ბუჩუკურმა იცის, ამ ტერიტორიაზეც უნდა გაიაროს მაგისტრალმა. იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიულ საკუთრებაში მიწა არ აქვთ, აღარ ელოდება არანაირ ანაზღაურებას.

ეს პრობლემა — ტრადიციული მიწების დარეგისტრირების შესაძლებლობის არარსებობა — ბევრ შემთხვევაში იჩენს თავს, გვეუბნება გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. ის ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეუსაბამოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკასთან — საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ტრადიციულ საკუთრებას, როცა პროექტის დამფინანსებელი ბანკი ამ ცნებას აღიარებს. ამით კი, შესაძლოა, სახელმწიფომ ისარგებლოს და ხარჯების გარეშე დაირეგისტრიროს ვინმეს ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწა. მაგალითად, როგორც ქოჩლაძემ მიგვითითა, სახელმწიფომ ხეობაში უკვე დაირეგისტრირა გარკვეული ტერიტორიები ტრადიციული მესაკუთრეებისთვის უკითხავად.

„მიტაცებული მიწები“

„არადა, ხეობაში ერთ გოჯ მიწას ვერ იპოვით, რომელიც ხადელების ისტორიულ საკუთრებას არ წარმოადგენდეს“, — ეუბნება „ნეტგაზეთს“ გიგა ჩოხელი. 27 წლის გიგა ხადის ხეობას — რომელიც მისი დედულეთია — ადრე მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა, თუმცა წლების განმავლობაში თბილისში, შემდეგ კი აშშ-ში ცხოვრების შემდეგ ხეობაში დაბრუნება გადაწყვიტა და სოფელ ბენიან-ბეგონში დამკვიდრდა.

ის გვიამბობს, რომ საჯარო რეესტრში ონლაინ-რუკებზე სათითაოდ დაითვალა ის მიწები, რაც ხადის ხეობაში სახელმწიფომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაუფორმა. მისი ანგარიშით, ასე 845 ათასი კვადრატული მეტრი მიწაა გადაფორმებული. „ეს ტერიტორიები სხვადასხვა სოფელში სახელმწიფომ ივლისის პირველ ნახევარში მიიტაცა ისე, რომ არაფერი ვიცოდით“, — ამბობს გიგა. ამ ფართობში მოხვედრილია ლია ბუჩუკურის ოჯახის ტრადიციულ კუთვნილებაში არსებული მიწაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს „ნეტგაზეთისთვის“ არ უპასუხია, რა მიზეზით არ გაიარეს კონსულტაცია მოსახლეობასთან ტრადიციული მიწების გზების დეპარტამენტისთვის დარეგისტრირებამდე, და აპირებენ თუ არა სანაცვლოდ რაიმე სახით ანაზღაურებას. ამ პრობლემის მქონე ხადელებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სთავაზობს.

ზუსტად რა იგეგმება?

ქვეშეთი-კობის გზა მცირე ნაწილი იქნება მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს ალტერნატიული გზით დაუკავშირებს რუსეთს. ამ სატრანზიტო ხაზს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს უწოდებენ. კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობის ჯამური ღირებულება დაახლოებით $560 მლნ-ია, საიდანაც საქართველოს მთავრობა $84 მლნ-ს ხარჯავს, ხოლო „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $415 და $60 მლნ-ს გამოყოფენ სესხად.

დეპარტამენტის თანახმად, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, ხოლო ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი „მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“.

სწორედ ამ მიზნითაა დაგეგმილი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის თითქმის 23კმ სიგრძის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბი, რომელმაც პროექტის თანახმად ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს [იწყება სოფელ წკერესთან და სოფელ კობთან სრულდება], 9კმ-ის სიგრძის იქნება. აშენების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.

ეს გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც გზების დეპარტამენტის თანახმადვე, „საკმაოდ იშვიათია არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით“. ამასთან, ქვეშეთი-კობის გზაზე აშენდება 500 მ-იანი თაღოვანი ხიდი, რომლის თაღი „უპრეცედენტო, 300 მ-ის სიგრძის იქნება“.

ქვეშეთი-კობის გზა გაუყვება თეთრი არაგვის კალაპოტს 7 კმ. სიგრძის მონაკვეთზე, გაივლის სოფელ არაკვეთს, შემდეგ კი, ქვემო მლეთასთან, იწყება სერპანტინი, ანუ კლაკნილი გზა. გზა კვეთს გუდაურს, გადადის ჯვრის უღელტეხილს და მთავრდება სოფელ კობთან.

კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია

ხადის ხეობაში, სადაც ეს გზა გრძელი ხიდებითა და გვირაბებით უნდა გავიდეს, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სპეციალისტების თანახმად, ბევრი რამაა შეუსწავლელი. პროექტთან წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფრონტი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე გადის. უფრო ზუსტად, ახალი გზა/გვირაბები ზოგიერთი ძეგლის მახლობლად უნდა გავიდეს, რაც რისკის შემცველია.

„არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“, — ციტირებს ხალხურ ლექსს გიგა ჩოხელი. ხალხურ მეტყველებაში ხადას სამოცი კოშკის ხეობად მოიხსენიებენ ხოლმე. ამ კოშკების ნაწილი ახლა ნანგრევებადღაა შემორჩენილი, ნაწილი კი დღემდე დგას და, როგორც სპეციალისტი, რომელთანაც „ნეტგაზეთმა“ კონსულტაცია გაიარა, მიუთითებს, ყურადღებას საჭიროებს.

ქოროღოს ეკლესია. წყარო: Wikimedia Commons

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, Icomos-ის, იუნესკოსთან ასოცირებული ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს წევრი მანანა სურამელაშვილი, გვაცნობებს, რომ რაოდენობრივი სიმრავლის გარდა, ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტიპოლოგიური მრავალფეროვნებაა:

„გვხვდება ცალკე მდგომი კოშკები, რომლებიც წარსულში გზას და მისადგომებს იცავდა, ციხესიმაგრეები თავიანთი გალავნებით, გამოქვაბულში შექმნილი ციხე — ქოფთ-ციხე, ეკლესიები, სამლოცველოები, ძალიან ბევრი ძველი სასაფლაო, რაც ასევე კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისაა, ქვაჯვრები და ბევრი ასომთავრულწარწერიანი ქვა, რომლებიც მთელ ხეობაშია გაბნეული“.

მაგალითისთვის მანანა სურამელაშვილი იხსენებს მის მიერ 1980-იან წლებში ხეობაში შემთხვევით ნაპოვნ ქვას ბოსლის შესასვლელის თავზე, რომელსაც X საუკუნის წარწერა ჰქონდა; იხსენებს კოლეგის, ისტორიკოს თეიმურაზ ჯოჯუას მიერ ხადისკარის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, ნალესობაზე ნანახ ნაკაწრს, წარწერას, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება.

„ასე შემთხვევით მიკვლეული ბევრი რამ ვიცით. ასეთი წარწერები, ნალესობაზე ამოკაწრულები, ნაპოვნია ქალაქეთის ქედზე, სადაც კოშკი და სამლოცველოა. ეს ყველაფერი არის IX-X საუკუნის. დიდი სიძველეებია… მაგრამ რამდენი იქნება ჯერ კიდევ გამოუვლენელი, შეუსწავლელი და აღურიცხავი, ამის წარმოდგენა რთული არ უნდა იყოს“, — გვეუბნება იგი.

სავარაუდოდ, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე არტეფაქტების პოვნის შესახებ ადგილობრივებიც გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მისმა ნაცნობმა „პატარა ხანჯლის მსგავსი ბრინჯაოს ნივთი იპოვა“, თვითონ კი რამდენიმე წლის წინ ქოფთ-ციხის გალავანთან დოქის ყელი და ძირი ამოთხარა.

„გვირაბის აფეთქებები ძეგლებს საფრთხეს უქმნის“

ხადის ხეობაში მდებარეობს X-XI საუკუნეებით დათარიღებული ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიაც, რომელსაც 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული.

„ის უნიკალურია თავისი გეგმარებითი, სივრცითი სტრუქტურით და ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელსაც აქვს მშენებლობის ამსახველი რელიეფები დასავლეთ ფასადზე“, — გვეუბნება მანანა სურამელაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აღწერა ხადის ხეობაში ისტორიულ-ხურორთმოძღვრული ძეგლები და გზამკვლევიც აქვს გამოცემული.

ეკლესიის დასავლეთ ფასადზე განთავსებული ფილები მართლაც ასახავს, როგორ ეზიდება ტვირთს ხარებშებმული მარხილი, ჩანს ქვის თლის პროცესი და სხვა სცენები. ხელოვნებათმცოდნე ამდენი წლის შემდეგაც ვერ მალავს აღფრთოვანებას ქოროღოზე საუბრისას: „ასეთი რამ მეორე არ არსებობს. სრულიად უნიკალურია ამ რელიეფებითაც და აგებულებითაც“.

„აქ მოსახლეობის ნიშნები ნეოლითის ხანიდან არის გაბმულად… აქ ცხოვრება დუღდა, ხადის თემი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავისი კვალი დატოვა და ეს კვალი დღემდე მოვიდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად შესასწავლიც და გასაფრთხილებელიც“, — გვეუბნება ხელოვნებათმცოდნე.

 

ხადის ხეობა. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

სურამელაშვილი გვეუბნება, რომ ძეგლების ხანდაზმულობა მათ ფიზიკურად არასახარბიელო მდგომარეობას განაპირობებს და შიშობს, რომ გვირაბების გასაყვანად საჭირო აფეთქებები მათ დააზიანებს. „აქ აფეთქებით სამუშაოების წარმოება ნიშნავს ამ ყველაფრის დაღუპვას, განადგურებას“.

პროექტის თანახმად, როგორც ის იხსენებს, ერთი გვირაბი ჩავა კაიშაურის ველზეც, სადაც ბევრი ძეგლია: „გვირაბი იქ, პლატოზე უნდა ჩავიდეს, ჩაღრმავდეს და უნდა გამოვიდეს აქეთა სანაპიროზე. მერე უნდა გაიბურღოს ქალაქეთის ქედი, რომელზეც დგას ასეთი სიძველეები. და შემდეგ, ხეობის ბოლოს, წკერეს კვირაცხოველი, ძალიან მაღალი მთის წვერზეა კომპლექსი. იმ მთის ქვეშ უნდა გავიდეს 9-კილომეტრიანი გვირაბი. სული კბილით უჭირავს. რა დაემართება აფეთქებებით?”

ეს საკითხი იქაურებსაც აწუხებთ. 23 წლის გიორგი როსტიაშვილი, რომელიც სოფელ როსტიანში ცხოვრობს, გვეუბნება: „ბურღვა იქნება, ვიბრაციები თუ აფეთქებები, სულ ჩამოანგრევს არა მხოლოდ კოშკებსა და ტაძრებს, მაგალითად, კვირაცხოველს, არამედ უბრალო სახლებსაც. ეს იმიტომ, რომ მშრალი წყობით არის მთელი ხადა აშენებული, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქვა ქვაზე დევს, ცემენტისა და ყოველგვარი გამაგრების გარეშე. პატარა ვიბრაციაც კი მოქმედებს“.

სახელმწიფოს გარანტიები

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მხოლოდ ნაწილობრივაა აღწერილი ის მრავალფეროვნება, რაზეც მანანა სურამელაშვილი მიუთითებს. თუმცა იქ ის მაინც წერია, რომ „პროექტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ფიზიკური კულტურული მემკვიდრეობის ფართო სპექტრი. თავად ხადისწყლის ხეობა ხშირად მოიხსენიება როგორც 60 კოშკის ხეობა. შესაბამისად, პროექტის ტერიტორიაზე გამოვლენილი ფიზიკური კულტურული რესურსების (PCR) უმეტესობა არის კოშკები, ასევე, რამდენიმე ეკლესია, მემორიალი და სამი სასაფლაო“.

გზშ-ის თანახმადვე, „თითქმის ყველა გამოვლენილი ფიზიკური კულტურული რესურსი შემოთავაზებული მარშრუტიდან 50 მეტრზე მეტითაა დაშორებული“, გამონაკლისად კი ქვეშეთის მახლობლად არსებული ჯვარი, წკერეს და კობის სასაფლაოები, ზაქათკარის მახლობლად მდებარე კოშკი, ბეგონის კვანძთან ახლოს მდებარე კოშკის ნაშთები და კობში არსებული ომის მემორიალია დასახელებული. გზშ-ში ასევე ნათქვამია, რომ „შესაძლოა სამშენებლო სამუშაოებმა ზემოქმედება მოახდინონ ამ ობიექტებზე, მაგალითად, დაზიანდნენ სამშენებლო ტექნიკით ან ვიბრაციით“.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, „ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, ყველა ტიპის მშენებლობა წარიმართება არქეოლოგებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან სენსიტიურ ლოკაციებს“.

იქვე წერია, რომ „კონტრაქტორი მშენებლები ვალდებულები არიან, წინასწარ მოიკვლიონ და დოკუმენტურად ასახონ იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ადგილმდებარეობაზე პოტენციური ზეგავლენის შესაძლებლობები შემდგომი საჭირო რეაგირების მიზნით. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩართულია პროექტში ძეგლების დასაცავი ადეკვატური ზომების განსახორციელებლად“. მაგრამ მონიტორინგის შემთხვევაშიც კი, რამდენად გაუფრთხილდება მშენებელი კომპანია ამ ყველაფერს?

მშენებელი კომპანია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიად შერჩეულია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელიც სამუშაოების დაწყებას 2020 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ის გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააგებს.

ეს კომპანია, რომელიც ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის შვილობილია, უკვე წლებია, საქართველოში ფუნქციონირებს და სხვადასხვა ობიექტზე მუშაობს, მათ შორის მაგისტრალებსა და გვირაბებზე. თუმცა მის საქმიანობას თან სდევს ბრალდებები და შენიშვნები შრომის უსაფრთხოების კუთხით დარღვევების გამო როგორც დასაქმებულთა და პროფკავშირების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

ამ კომპანიის ობიექტებზე არაერთხელ დაშავებულან მუშები, მათ შორის, პროფკავშირების განცხადებით, გვირაბგაყვანისას ცუდად დაგეგმილი აფეთქებების გამო. მაგალითად, 2018 წლის 22 იანვარს ბეჟათუბანში; კომპანიის სხვადასხვა ადგილას დასაქმებულები არაერთხელ გაფიცულან;

ბოლოს, სულ ახლახან, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ ინციდენტის შემდეგ შრომის ინსპექციამ „23-ე ბიუროს ჯგუფი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შრომის ინსპექციის დეპარტამენტს 2016-2018 წლებში სამი ინსპექტირების შედეგად 30-მდე სხვადასხვა სახის დარღვევა ჰქონდა გამოვლენილი.

2017 წლის ივლისში ამ კომპანიის მშენებარე გვირაბის ფრაგმენტი ჩამოინგრა, რის შემდეგაც ორი დასაქმებული დაშავდა.

რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ბანკმა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას“ (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას“ (CRCC International) და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო სანქციები დაუწესა.

[ნახეთ ასევე: „რატომ გაფორმდა კონტრაქტი კობი-ქვეშეთის გზაზე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან – გზების დეპარტამენტის განმარტება“]

„ნეტგაზეთმა“ გზების დეპარტამენტს ჰკითხა, ამ კომპანიის იმედი რამდენად შეიძლება სახელმწიფომ იქონიოს ფაქიზად შესასრულებელი სამუშაოების წარმოებისას, რაც ამ შემთხვევაშია საჭირო. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ეკოტურისტული პოტენციალი

კიდევ ერთი ასპექტი, რის გამოც გზას ეწინააღმდეგებიან, ხეობის ეკოტურისტული პოტენციალია, რომელიც შეიძლება გაქრეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, რომ „საბოლოო ჯამში, პროექტი სარგებელს მოუტანს ტურიზმს“. მათ თანახმად, „ახალი გზა და გვირაბი გაზრდის ხელმისაწვდომობას ტურისტებისთვის და ტურიზმი სეზონური ხასიათის აღარ იქნება“.

ამასთან, მათი პოზიციით, „გაუმჯობესდება ამ ტერიტორიებზე ვიზიტორების გადაადგილების უსაფრთხოების საკითხები და ტურისტებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ ახალი მიმართულებები, როგორიცაა ყაზბეგის ეროვნული პარკი, ულამაზესი ხეობები და თვალწარმტაცი სოფლები“.

პიტერ ნეისმითი 32 წელია საქართველოს სტუმრობს. უფრო სწორად, ახლა, ფაქტობრივად, ლონდონსა და თბილისში თანაბარ დროს ატარებს, „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ წევრია და ბრიტანეთში „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელი. საქართველოს შესახებ ოთხი წიგნის ავტორს შემუშავებული აქვს არაერთი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ხადის ხეობაზე ამბობს, რომ ძალიან უყვარს და თუშეთთან ერთად, მისი საყვარელი ადგილია. ასე რომ, ამ გზის პროექტსაც თვალს ადევნებს. მაგრამ დიდად აღფრთოვანებული არც ის დარჩენილა:

„ხეობაში მაგისტრალის აშენებით, ხმაურიანი, დამაბინძურებული გზით, ეკოტურიზმის განვითარების ყველა შანსი გაქრება… პროექტის დასაბუთებაში ბანკები [დამფინანსებელები] წერენ, რომ ამ გზით ტურიზმიც განვითარდება. მაგრამ ეს საგზაო ტურიზმი იქნება, ანუ გაჩნდება გაზის და ნავთობგასამართი სადგურები, მცირე სასტუმროები და რესტორნები მძღოლებისთვის და ა.შ“, — ამბობს იგი.

„ეგეთი ტურიზმი ნებისმიერ ადგილას შეიძლება განავითარო, მაგრამ ეს ხეობა უნიკალურია, ისტორიული, ლამაზი, მშვიდი და უნაკლო ეკოტურიზმისათვის. ადგილობრივების პრობლემებსა და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ხეობას „გააფუჭებ“, საბოლოოდ დაკარგულია ეს შესაძლებლობა. ძალიან ტრაგიკული იქნება, რომ ეს ხეობა დაიკარგოს“, — ეუბნება „ნეტგაზეთს“ ნეისმიტი.

ტურისტები ხეობას ხშირად სტუმრობენ. 6 ოქტომბერს, როდესაც ხეობაში ვიმყოფებოდთ, იქ შემთხვევით გადავაწყდით საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს, რომელიც რამდენიმე ადამიანთან ერთად სტუმრობდა ხეობას.

„ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც უნდა მოხდეს, გარემოს დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, — გვითხრა მან.

პიტერ ნეისმიტის თქმით, ხეობას ზამთარში საციგურაოდ იყენებენ ხოლმე მეზობელ გუდაურში დასასვენებლად ჩასული ადამიანები. ასე რომ, ხეობაში შეიძლება მცირე გესთჰაუსებიც გაკეთდეს, რაც ადგილობრივებს შემოსავალს გაუჩენდა.

იგი საუბრობს ხეობაში „სონელუმიეს“ [Son et lumière, ანუ სინათლისა და ხმოვანი შოუს] მოწყობის შესაძლებლობაზეც. „სონელუმიე“ ღამით გასართობი პრაქტიკაა, როდესაც შენობების ან ნანგრევების ფასადებს სხვადასხვა ფერის ილუმინაციებით ანათებენ, ეს განათებები კი სინქრონიზებულია ხმოვან გაფორმებასთან, რაც ისტორიული ნაგებობის/ადგილის დრამატულ ისტორიას ყვება. მაგალითად:

„ეს იქნება ძალიან მიმზიდველი ტურისტული ატრაქციონი, აქაური მდიდარი წარსულის გათვალისწინებით“, — ამბობს ნეისმიტი. მოსაყოლი ისტორიები კი, როგორც ზურაბ ბენიანიძე, კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ამბობს, მართლაც ბევრია: „კვირაცხოველი რომ არის სულ მაღლა [წკერეში], მანდ იმალებოდა დავით ულუ, თუ სწორად მახსოვს… მონღოლები რომ შემოდიოდნენ, ვერც ერთხელ ვერ აიღეს და ერთ დღეს 20 ციხე დაანგრიეს გაბრაზებულებმა“…

ამას გარდა, პიტერ ნეისმიტის თქმით, შეიძლება, ზოგიერთ კოშკზე კოცონების დანთებაც მოხერხდეს, როგორც ადრე აქაურები ანთებდნენ ხოლმე საფრთხის მანიშნებლად.

მოსაზრებას, რომ აქაურობას ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, ზურა ბურდულიც იზიარებს მლეთიდან. „აქ, სამკილომეტრიან რადიუსში, შეიძლება, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებული სვანეთი შექმნა. პატრონი უნდა, უბრალოდ“…

რეალური ალტერნატივა?

პიტერ ნეისმიტი, რომელიც კარგად იცნობს ხეობას, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ესმის სახელმწიფოს საჭიროება, ახალი გზა ჰქონდეს, ამიტომაც, მისი აზრით, არ უნდა იყოს გამორიცხული, ხადის ხეობის ნაცვლად, ახალმა გზამ გვერდითა ხეობაზე, ლაკათხევზე გაიაროს.

„ეს შეიძლება იყოს ალტერნატივა, რადგან ლაკათხევის ხეობაში სულ ორიოდე ოჯახი ცხოვრობს და სამი კოშკია, ასევე, სალოცავი ხეობის დასაწყისში, რომლებსაც მარტივად შეიძლება გვერდი აუქციონ. ამასთან, იქ გვხვდება ხშირტყეებიანი გორაკები, რაც კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ზვავი არ ჩამოწვება და მიწა არ მოწყდება, როცა ხადის ხეობაში ზვავისგან დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა დასჭირდებათ. ანუ ლაკათხევი გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა და, ალბათ, უფრო იაფიც“.

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი არ გამორიცხავს ალტერნატივად ლაკათხევის ხეობას: „მე პირადად იქ არ მიმუშავია, მაგრამ ვიცი, რომ ძეგლების ასეთი სიმრავლე ნამდივლად არ არის ლაკათხევის ხეობაში. აშკარაა, რომ ალტერნატიული გზის მოძებნა არის აუცილებელი“.


Update: „ნეტგაზეთმა“ გზების დეპარტამენტისგან 4-თვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო პასუხი, რომელაც აქ გთავაზობთ:

„ნეტგაზეთმა“ საავტომობილო გზების  დეპარტამენტისგან თითქმის ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო პასუხები რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ნეტგაზეთმა“ 2019 წლის ოქტომბერში მოამზადა სტატია, სადაც საუბარია იმ უკმაყოფილებასა და შიშებზე, რაც ხადის ხეობის მცხოვრებთა ნაწილს აქვს ამ პროექტთან დაკავშირებით.

გზების დეპარტამენტს კითხვები 10 ოქტომბერს გადავუგზავნეთ და პასუხი განცხადების სახით, რომელსაც ხელს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი აწერს ხელს, 2020 წლის 7 თებერვალს მივიღეთ.

[გაეცანით სტატიას: ₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა]

რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ სახელმწიფო მათ ერთი კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ მხოლოდ 5.6 ლარს სთავაზობდა.

ეს ინფორმაცია 7 თებერვალს გამოგზავნილ წერილში გზების დეპარტამენტმა დაადასტურა, თუმცა, მათივე ცნობით, მიწის ფასი 65 ლარამდეც ადის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, გზების დეპარტამენტის განმარტებით:

„ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაყოფილია I და II ლოტად. გამოსასყიდი მიწის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, უძრავი ქონების დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ გამოყენებულ იქნა საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული საბაზისო მიდგომები – გაყიდვების შედარების და შემოსავლების მეთოდი“.

კობი-ქვეშეთის გზის პროექტის განლაგების სქემას, სადაც ჩანს, როგორ არის გადანაწილებული გზის პირველი და მეორე ლოტები. წყარო: გზების დეპარტამენტი

უწყების ცნობით, ლოტი 1-ზე სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ღირებულებამ 1კვ.მ-ზე 5.6 ლარი, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 8.4 ლარი შეადგინა.

„ლოტი 2-ზე, ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიწის ნაკვეთების დაყოფა განხორციელდა ოთხ ტიპად:

  1. მიწის ნაკვეთები, განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს და გააჩნიათ ფრონტაჟი თბილისი-გუდაური-სტაფანწმინდის საავტომობილო მაგისტრალის მიმართ (1კვ.მ-ს ღირებულება 65 ლარი);
  2. დანარჩენი მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს (1კვ.მ-ს ღირებულება 40 ლარი);
  3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში სოფელ ზაქათკარის ადმინისტრაციულ საზღვრებში (1კვ.მ-ს ღირებულება 6.8 ლარი);
  4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები განთავსებული მდინარე არაგვის მარცხენა ზოლში (1კვ.მ-ს ღირებულება 5.6 ლარი, რომელიც შეთავაზებულია 58 მესაკუთრისთვის)“;

გარდა ამისა, როგორც „ნეტგაზეთს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აცნობა, პროექტში განსაზღრულია როგორც მიწაზე არსებული სხვა უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და ჭიშკარი, ეზოს კეთილმოწყობა, ერთწლიანი კულტურები და სხვა), ასევე, ადგილმონაცვლეობისა და საცხოვრებელი პირობების აღდგენის კომპენსაციები. პასუხში არ არის დაზუსტებული, რა ფასად აანაზღარებენ ამ ყველაფერს.

ამასთან, უწყების პასუხში, თხოვნის მიუხედავად,  არ არის დაზუსტებული, უშუალოდ რამდენ ადამიანს/ოჯახს სთავაზობენ ზემოთ ჩამოთვლილ თანხებს.

ჩვენ მათ ასევე ვკითხეთ, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუკი მოსახლეობამ უარი თქვა მიწის ნებისმიერ ფასად დათმობაზე, რაზეც ისინი უკვე საუბრობდნენ, და მიმართავს თუ არა ექსპროპრიაცას, რაზეც გვიპასუხეს:

„დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტი, განსახლების პროცედურების დროულად დასრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას“.


გზების დეპარტამენტი ასევე ადასტურებს, რომ „უახლოეს მომავალში ხადას ხეობაში არსებული ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არ იგეგმება“.

რისკები რეაბილიტაციისას და მშენებელი კომპანია

გარემოს დამცველები საუბრობდნენ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე ხადის ხეობაში — IX-XI საუკუნეების დროინდელი ძეგლებზე: ძველ ქვა-ჯვრები, ეკლესიებზე, სალოცავებზე, შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელ არტეფაქტებსა და სხვადასხვა დროის საფლავებზე, რასაც სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს. ამასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ:

„ბურღვა-აფეთქებით სამუშაოების სპეციფიკაცია და მეთოდოლოგია გაწერილია საპროექტო დოკუმენტაციაში, რის მიხედვითაც მშენებლობის პროცესით, წერილში ხსენებულ ობიექტებს ზიანი არ მიადგებათ“.

ამასთან, კითხვაზე გზისა და ხიდ-გვირაბების მშენებელ კომპანიაზე, — ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფზე, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს და რომელსაც მსოფლიო ბანკმა შარშან სანქციები დაუწესა, გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს:

„ქვეშეთი-კობის (ლოტი-2) სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის სატენდერო პროცედურების შესაბამისად და ჩინეთის 23-ე ბიუროს ჯგუფი აკმაყოფილებს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.

ლაკათხევის განხილვა „საფუძველს მოკლებულია“

„ნეტგაზეთს“ კითხვაზე, უფიქრია თუ არა სახელმწიფოს ხადის ხეობაში გზის გაყვანის ალტერნატივად გვერდითა ხეობაზე, ლაკათხევზე (სადაც ადგილობრივების წინააღმდეგობა ნულის ტოლი თუ არა, გაცილებით ნაკლები მაინც შეიძლება იყოს და სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმცირეა ხადის ხეობასთან შედარებით) გზის გატარება, უწყებიდან ასეთი პასუხი გასცეს:

„გეოლოგიური პირობების, ბუნებრივი კატასტროფების, ოროგრაფიის, საგზაო მიმართულების პარამეტრების, გუდაურის კურორტთან და არსებულ სოფლებთან დაკავშირების და ჩატარებული ყოვლისმომცველი ტექნიკური და სოციალური გარემოსდაცვითი შეფასებების გათვალისწინებით, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და დასაბუთებას ლაქათკარის ხეობის განხილვა, როგორც უკეთესი მიმართულება“.


ადგილობრივები ასევე ჩიოდნენ, რომ ვერ ირეგისტრირებდნენ ტრადიციულ საკუთრებაში არსებულ მიწას, რომელიც მაგისტრალის ამ პროექტისთვის არის საჭირო და მას „სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწას“ უწოდებდნენ. ამ საკითხზე გზების დეპარტამენტი ასეთ განმარტებას აკეთებს:

„განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების დადგენისა და შესაბამისი საკომპენსაციო ღირებულებების განსაზღვრისათვის დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მომზადდა გზის განთვისების ზოლში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე წინასწარ ჩატარებული ინდივიდუალური აღწერა–ინვენტარიზაციების შედეგად. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, აღწერა–ინვენტარიზაციების შედეგად იდენტიფიცირებული კერძო საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ან/და დაურეგისტრირებელი, მაგრამ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების გარდა, პროექტით გათვალისწინებული გზის განთვისების ზოლში მოქცეული არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც არ იქნა იდენტიფიცირებული კერძო საკუთრების უფლების ობიექტებად, ასეთ ტერიტორიებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დეპარტამენტმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც განახორციელა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თუმცა, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავს აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაძლებლობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრების უფლების დადასტურების შემთხვევაში“.

ხადის ხეობა. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი