ეკონომიკა

როგორ მოიპოვებენ მანგანუმს შქმერში შქმერელების ნების წინააღმდეგ — დეტალურად

27 ნოემბერი, 2021 • 1455
როგორ მოიპოვებენ მანგანუმს შქმერში შქმერელების ნების წინააღმდეგ — დეტალურად

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ შქმერის მანგანუმის მოპოვებისა და შესწავლის ლიცენზიების გაცემას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ადგილობრივების თანახმად, სოფელში მანგანუმის მოპოვება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და ისინი წიაღისეულის მოპოვების გაცემული ლიცენზიების გაუქმებას ითხოვენ.

მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგეთა თანახმად, საერთო კრების ოქმი, რომ მოსახლეობა თანხმდებოდა ნედლეულის მოპოვებას, გაყალბებულია.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში გთავაზობთ ყველაფერს, რაც შქმერში მიმდინარე მოვლენების შესახებ უნდა იცოდეთ.

რა ხდებოდა ლიცენზიების გაცემამდე 

სოფელ შქმერში მცხოვრებთა ნაწილის თანახმად, მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაცემას წინ უძღოდა მათი კუთვნილი მიწების წართმევა.

„ეს ჩვენი მამაპაპური მიწებია, რომლის გაფორმების უფლებაც გვქონდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს მიწები წაართვეს და ზოგ ოჯახს 2000-2000 ლარიანი ჯარიმები დაუწესეს. ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც იქ მიწები აქვს. ხომ უნდა მოვიდეს კომპანია და მითხრას, რომ სამუშაოების დაწყებას აპირებს, მაგრამ არც არავინ მოსულა, არც აუქციონის გამოცხადების შესახებ ვიცოდით“, — განუცხადა ნეტგაზეთს მანგანუმის მოპოვების საწინააღმდეგო პროტესტში ჩართულმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცოტნე გლოველმა.

„მწვანე ალტერნატივისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, სახელმწიფომ დაარღვია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს და ამის ნაცვლად სახელმწიფო უწყებებმა რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

„გამჭირვალე და ჩართულობითი პროცესის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება.

აშკარაა, რომ ეს ბრალდებები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ინტერესმა განაპირობა. სამსახურეობრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სოფელ შქმერის გამგებელზეც, რომელმაც თითქოს უკანონოდ გასცა ადგილობრივ მცხოვრებლებზე საკუთრების რეგისტრაციის თანხმობები.

სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არსებობის ფაქტს ადგილობრივი სასამართლოც დაეთანხმა. 2021 წლის ივნისში როგორც შქმერის გამგებელი, ისე ადგილობრივი მცხოვრებლები, დამნაშავედ ცნეს, მათ კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმებიც დაეკისრათ. მოსახლეობის სადავო მიწები სწორედ მანგანუმის მოპოვების სალიცენზიო კონტურებს ემთხვევა“, – წერია ორი უფლებადამცველი და ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, „მწავნე ალტერნატივისა“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთობლივ განცხადებაში.

როგორ გაიცა ლიცენზიები 

საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტო, შქმერის მანგანუმის მოპოვების შესახებ 2021 წელს 3 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

სამივე აუქცინი მხოლოდ გრძელდებოდა თითქმის 6 საათისა და 30 წუთის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ელექტრონულ აქუციონზე სააგენტოს მიერ გამოტანილი სხვა ლოტები, როგორც წესი, რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი კვირაც გრძელდება.

ორი აქუციონი გაიმართა 2021 წლის 7 ივლისს სოფელ შქმერის მიმდებარედ, ჭარნათის, შქმერისა და კოლოსი-ბლაშეს უბნებზე.

ორივე აუქციონში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და ორივე ლოტი, თითო 11 000 ლარად, ჯამში კი, 22 000 ლარად გაიყიდა.

ლიცენზიის ორივე ტერიტორია ემთხვევა „რაჭა 4-ის“ ზურმუხტის დამტკიცებულ ტერიტორიას.

გარემოს დაცვის სამინისტროს თანახმად, „ზურმუხტის ქსელი“ არის პანევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. მისი ჩამოყალიბება ევროპის ველური  ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის, ანუ „ბერნის კონვენციის“ აუცილებელი მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

„ზურმუხტის ქსელში“ გაერთიანებულია ისეთი ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით.

ორივე აუქციონი 5 ივლისს, ანუ აუქციონის ჩატარებამდე 2 დღით ადრე დაარსებულმა კომპანიებმა მოიგეს.

უახლესი აუქციონი 16 სექტემბერს სოფელ შქმერის მიმდებარედ, კოლოსი-ბლაშე და მელეშურას უბნების მანგანუმის შესწავლა-მოპოვების შესახებ გაიმართა. აუქციონზე, ჯამში, 2741 ბიჯი დაფიქსირდა და საბოლოო გაყიდვის თანხამ 2 751 000 ლარი შეადგინა, თუმცა აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მიერ საბოლოო თანხის გადაუხდელობის გამო  ჩაშლილად გამოცხადდა.

აუქციონი 10-წლიან ლიცენზიას გულისხმობდა.

16 სექტემბრის აუქციონს თან ერთვის 15 მაისს შედგენილი, სოფლელ შქმერის მოსახლეობის საერთო კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, კრებაზე დამსწრე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაცემას იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, მათ შორის:

  • წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სალოცავების შეკეთება/შემოღობვა;
  • სოფელში სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად 150 მმ-იანი 500 მეტრის სიგრძის მილის შეძენა.

ნაწყვეტი საერთო კრების ოქმიდან. ოქმს ონის მერის იმდროინდელი რწმუნებული ანზორ გაგნიძე აწერს ხელს.

ონის მუნიციპალიტეტის მიერ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნანა ზამთარაძის სახელზე გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი თანახმაა გაიცეს მანგანუმის მოპოვების ლიცენზია იმ შემთხვევაში, „თუ ლიცენზიის მფლობელი აიღებს ვალდებულებას და შეასრულებს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებს“.

ონის მერიის მიერ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე გაგზავნილი წერილი.

ყალბი იყო თუ არა საერთო კრების ოქმი

მანგანუმის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, მოსახლეობამ ხელის მოწერის მომენტში არ იცოდა, რომ ისინი საერთო კრების ოქმს აწერდნენ ხელს, სადაც სოფლის მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათი პირობების შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ, სოფელში მანგანუმის მოპოვება დაწყებულიყო.

„ამ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, თითქოს სოფელი თანახმა იყო, რომ მანგანუმის მოპოვება მომხდარიყო.

ეს ხელმოწერები გაყალბებულია, რადგან სოფლის მოსახლეობამ ხელი მოაწერა მხოლოდ თაბახის ფურცლებს და იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ სოფლის ყოფილი გამგებლის პირობითი მსჯავრის მოხსნას“, – აცხადებს ცოტნე გლოველი. [ონის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ შქმერში ანზორ გაგნიძე „მიწების უკანონოდ დაუფლების საქმეში“ მონაწილეობდა]

ანზორ გაგნიძის განცხადებით, საერთო კრების ოქმი ნამდვილია და მასზე მოსახლეობამ ხელი მოაწერა.

ნეტგაზეთმა ანზორ გაგნიძეს ჰკითხა, სოფლის საერთო კრება გაიმართა თუ არა კანონით განსაზღვრული წესებით, მაგალითად, ჰყავდა თუ არა მას მდივანი ან მისი ჩატარების შესახებ წინარე პროცედურები იყო თუ არა დაცული.

„სიმართლე რომ გითხრათ, შენობაში ჩატარებული კრება არ ყოფილა. უბანში, შარაზე შევკრიბე რამდენიმე მოსახლე. როგორ არა, მოაწერეს ხელი. შევიკრიბეთ უბანში, დავილაპარაკეთ, კი არ უარვყოფ, შევიკრიბეთ და წამოვაყენეთ ჩვენი პირობები“, – განუცხადა გაგნიძემ ნეტგაზეთს.

2021 წლის 15 სექტემბერს სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ჩაატარა კიდევ ერთი კრება, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „წიაღის ეროვნულ სააგენტოს უარი ეთქვას ლიცენზიის გაცემაზე“.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, დასახლების საერთო კრება არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

ონის მუნიციპალიტეტმა დასახლების საერთო კრების დებულება 2016 წელს დაამტკიცა.

ვინ მოიპოვებს ნედლეულს 

საქართველოს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილი დოკუმენტაციის თანახმად, ივლისში გამართული აუქციონები შპს „ტექნოლოჯი 2021-მა“ და შპს „მნ ნორთიმ“ მოიგეს.

თავდაპირველად ორივე კომპანიის დირექტორი გიორგი ჟამუტაშვილი იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2 ნოემბერს დირექტორი გახდა გიორგი ნონიკაშვილი, ხოლო ფინანსური დირექტორი – ნინო ჩანადირი.

გიორგი ნინიკაშვილის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე დღემდე იძებნება ინფორმაცია, რომ იგი 2016 წლის დეკემბერში ლიცენზიის გარეშე მანგანუმის მადნის მოპოვების გამო დააკავეს.

„დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს.

მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნული საწარმოებს შორის ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას.

დაკავებულებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“, – წერია უწყების მიერ წლების წინ გავრცელებულ ცნობაში.

წიაღის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2021 წლის სექტემბერში გამართული აუქციონი ჩაიშალა.

შქმერის მანგანუმის (უბნები კოლოსი-ბლაშე და მელეშურა) შესწავლა-მოპოვება – გამარჯვებული გახდა შპს „მაინერ მენ“, თუმცა გამარჯვებული კომპანიის მიერ საბოლოო თანხის გადაუხდელობის გამო აღნიშნული ობიექტი ჩაშლილად გამოცხადდა“, – წერია სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

„მაინერ მენის“ დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი შალვა სირაძეა. იგი „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიების შემომწირველია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, შალვა სირაძემ 2018-2019 წლებში სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, თითოეულს, 60 000 ლარი, ჯამში კი, 120 000 ლარი შესწირა.

პროტესტი გაგრძელდება 

სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების საწინააღმდეგო აქციები კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ბრძოლას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ არ გაუქმდება მანგანუმის მოპოვების ლიცენზია.

„იქ რომ გარემო დაბინძურდება, მდინარე გაქრება, სიმწვანე აღარ იქნება და ეკოლოგიური კატასტროფა მოხდება, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამის კარგი მაგალითია ჭიათურა. ჩვენ არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს შქმერშიც.

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად გაუქმდეს ლიცენზია, სხვა მოლაპარაკება არ იქნება. სოფელი არის ერთიანი და ყველა ვეწინააღმდეგებით მანგანუმის მოპოვებას.

ჩვენ ომი არ დაგვიწყია, ვიცავთ იმას, რაც ჩვენია. ეს გაგრძელდება და, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი შემოგვიერთდება“, — განუცხადა ცოტნე გლოველმა ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი