ახალი ამბები

შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი

9 ივლისი, 2020 • 1311
შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შაქარაშვილის ოჯახის ინტერესების წარმომადგენდელმა, მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა.

ნიკოლაძის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, აღნიშნული ექსპერტიზა ხვალ უნდა დასრულდეს და ის გასცემს პასუხს ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, სხეულის დაზიანებების მიყენების დრო, ხარისხი და გამოკვეთს საშუალებებს, რომლითაც შაქარაშვილს ეს დაზიანებები აქვს მიყენებული:

“ხვალ ცნობილი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემს რამდენიმე კითხვაზე პასუხს, კერძოდ, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზზე, სხეულის დაზიანების დროზე, გარდაცვალების დროინდელია თუ შემდგომი, ასევე გასცემს პასუხს მიყენებული დაზიანების ხარისხზე”, – ამბობს ნიკოლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა 28 ივნისს შეუფარდა. ადვოკატების ნაწილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.

შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა. 17 პირი სწორედ ჩხუბების ეპიზოდზეა დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი