ახალი ამბები

კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია – შსს

9 ივლისი, 2020 • 792
კადრებში ნაჩვენები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული კადრებში ლაშა ლურსმანაშვილია და არა ავთანდილ ბილანიშვილი, რომელსაც გუშინ, 8 ივლისს, შსს-ში თითქმის 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

“მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება თბილისში ტოიოტას მარკის ავტომობილით ჩამოყვანილ გურამ ამირხანაშვილს თეთრი ფერის მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი. თავად 8 ივლისს ლუსმანაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეომასალაში თეთპერანგიანი პირი ის არის. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამირხანაშვილსაც არ იცნობს:

“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემს პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს, არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა.”

მანამდე, საქმის ამავე ეპიზოდზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილი გამოიკითხა. “მთავარი არხის” ვარაუდით, სწორედ ბილანიშვილი იყო ის პირი, ვინც ამირხანაშვილს დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოიოტას მარკის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში შეხვდა.

ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განმარტებით, ბილანიშვილი არც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს იცნობს და არც იმ ღამეს ყოფილა შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის თქმით, ბილანიშვილის მიმართ სატელევიზიო ეთერით გახმიანებულ ბრალდებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის მეგობარია. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ბილანიშვილი სახლში იმყოფებოდა და აქვს ამის დამადასტურებელი ალიბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი