ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და თბილისს შორის – გალელი აბიტურიენტების ისტორიები

9 ივლისი, 2020 • 3175
სოხუმსა და თბილისს შორის – გალელი აბიტურიენტების ისტორიები

აფხაზური მხარის მიერ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო საქართველოს სახელმწიფო აბიტურიენტებს აფხაზეთიდან ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხავს და სწავლას სრულად დაუფინანსებს.

გალელი აბიტურიენტები სწავლის სოხუმში გაგრძელებას, როგორც წესი, არ განიხილავენ. აბიტურიენტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუ რატომ ტოვებენ აფხაზეთს. ხშირ შემთხვევაში – სამუდამოდ.


აბიტურიენტების თხოვნით, მათი სახელები შეცვლილია.

ანა, 17 წლის

აფხაზეთში, გალში დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ვარ ჯერჯერობით და, ბუნებრივია, აქაურობა მიყვარს. აქ ცხოვრების დიდი სურვილი მქონდა მუდამ და ახლაც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი აფხაზეთის გარეშე.

პირველი კლასი ისე დავამთავრე, სკოლიდან სახლში მარტო არ დავბრუნებულვარ, რადგან იმ დროს აქ ტანკები დაიარებოდნენ და ძალიან მეშინოდა. უკვე მეორე კლასში სახლში მარტო დაბრუნება მიწევდა და ჩემმა შიშმაც გაამართლა. ერთ დღეს ნახევარი გზა მქონდა გამოვლილი, ტანკის ხმა გავიგე და არ ვიცოდი, რა მექნა, სად წავსულიყავი. იქვე ეკლებიან ბუჩქთან მივიმალე. ტანკზე ორი რუსი იჯდა, ორივე მხედავდა და იცინოდა. ამ დღიდან სულ მინდოდა საქართველოში სამხედრო აკადემიაში მესწავლა. ამიტომ, არც კი ვიცი..

ახლა გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩავირიცხე და შეიძლება აფხაზეთში ვეღარც დავბრუნდე, რადგან შეიძლება არ შემომიშვან.

იყო დრო, საზღვარზე თითქმის უპრობლემოდ გადავდიოდით, მაგრამ მერე რუსები მოვიდნენ, ახლა ისინი დგანან საზღვარზე.

აფხაზეთში ჩვენზე მეტი რუსი ცხოვრობს და ყოველ მეორე ნაბიჯზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მინდა მოვწყდე აქაურობას, მაგრამ ოდესმე აფხაზეთში დავბრუნდები, იმედი მაქვს.

რაც შეეხება შარშანდელივით უგამოცდოდ ჩვენს ჩარიცხვას, არ ველოდი. მართალია, სკოლამ მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ჩვენ მეცადინეობა არ შეგვიწყვეტია. მაქსიმალურად ვემზადებოდით და გამოცდებზეც ვაპირებდით გადასვლას, არალეგალურად.

ქართულის გაკვეთილები შეზღუდული რაოდენობით გვიტარდებოდა და ფიზიკურად შეუძლებელია ისწავლო უმაღლესში მოსახვედრად საკმარისი ქართულით. მე და ჩემი ექვსი კლასელი კერძოდ ვმეცადინეობდით, მართლა უძლიერესი მასწავლებელი გვყავდა და არა მგონია, რამე დაბრკოლება შეგვექმნას ენის კუთხით.


სოფია, 17 წლის

მე აფხაზეთში ვერ ვხედავ ჩემ მომავალს და ძალიან რთულია სწავლა იმ ხალხთან, ვინც შენ არაფრად გთვლის.

ჩემი არჩევანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ფსიქოლოგია.

ცხოვრებას საქართველოში გავაგრძელებ, მაგრამ  ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  დარჩენილი ჩვენი ხალხის  ცხოვრებაში მინდა რაიმე წვლილი შევიტანო.

აფხაზი ნათესავები მყავს, რომლებიც ბევრჯერ ჩემ წინაშე ამცირებდნენ და ლანძღავდნენ მეგრელებს (ქართველებს), რაც ჩემთვის მიუღებელია. პირადად საკუთარ თავზეც ვიგრძენი ეს. სოხუმში ვიყავით მეგობრები და აფხაზებმა როცა გაიგეს, რომ მეგრელები (ქართველები ) ვიყავით, დაგვცინეს. ზოგადად, სოხუმში  იშვიათად დავდივარ, თუ აუცილებელია, მხოლოდ მაშინ.

სკოლაში რუსულად გავდიოდით სასწავლო პროგრამას. პირადად მე არა მგონია, ქართულად სწავლება გამიჭირდეს.

რეპეტიტორები საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ფარულად  გვამეცადინებენ.


ნიკა, 17 წლის

მე ვაბარებ ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტზე და ამ მხრივ, უპირატესობა მივანიჭე ილიაუნს.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას რაც შეეხება, მქონდა იმის იმედი, რომ ოფიციალური თბილისი და საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებდნენ მის მიერ კონტროლირებადი საზღვრის გაღმა მყოფ აბიტურიენტების ინტერესებს და გაიზიარებნენ მათ პრობლებას [ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდებზე დასწრების შესაძლებლობის შეზღუდვას].

ეს პირველი შემთხვევა არაა და ამგვარი პრეცედენტი წინა წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით გალის აბიტურიენტებს არ მიეცათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების უფლება.

თბილისში სწავლის გაგრძელების არჩევანი განპირობებულია მრავალი ასპექტით: უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ვეძებ თავისუფლებას და მინდა, სამართლიან გარემოში გავაგრძელო ცხოვრება, რაც აფხაზეთს აკლია.

სკოლაშიც კი სეპარატისტულად განწყობილ მასწავლებლებთან და პედაგოგებთან მოსწავლეები შეზღუდული არიან, საკუთარი თავისუფალი აზრი გამოთქვან მოცემულ რეალობაზე.

მეორე მიზეზი კი სწავლის უფრო მაღალი დონეა, სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით ევროპულ კულტურასა და აზროვნებაში ინტეგრაცია და ა.შ.

სკოლაში მასწავლებელთა  ნაწილი სოხუმში სწავლის გაგრძელების პროპაგანდას და აგიტაციას ეწეოდა, განსაკუთრებით, აფხაზური ენისა და ისტორიის მასწავლებლები.

უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სად გავაგრძელებ ცხოვრებას, არ გადამიწყვეტია, მაგრამ უფრო თბილისში ცხოვრებას ვამჯობინებ და პერიოდულად გალში ჩამოვალ.


ირინა, 17 წლის

თბილისში განათლების მიღება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვფიქრობ, საქართველოში სწავლის დონე ბევრად მაღალია. არის შესაძლებლობა აირჩიო ის პროფესია, რაც გინდა და სწავლაც გვიფინანსდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ გარემოში.

საზღვარი რომ ჩაკეტეს, თავიდან ძალიან განვიცდიდი, როგორც დანარჩენი აბიტურიენტები. არ ვიცოდით, ვისთვის მიგვემართა, რა გვექნა,  მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე არ დაგვტოვებდნენ და დაგვეხმარებოდნენ.

რაც შეეხება უგამოცდოდ ჩარიცხვას, ეს ჩვენთვის უდიდესი უპირატესობაა და ჩვენ თავდაუზოგავად ვეცდებით, კარგად ვისწავლოთ.

სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე მინდა.

გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები. ფოტო გადაღებულია 2017 წელს და მას აღნიშნული მასალის რესპონდენტებთან კავშირი არ აქვს. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა


მარიამი, 17 წლის

თბილისში ბიზნესის მენეჯმენტზე ვაბარებ.

ჩემს შემთხვევაში თბილისში სწავლის გაგრძელების არჩევანი პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ მყავს უსინათლო და, რომელმაც თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა დაამთავრა, აქ კი არ არის ადაპტირებული უნივერსიტეტი. ამის გამო გვიწევს ორივეს საქართველოში სწავლა. გარდა ამისა, სოხუმში მიღებული დიპლომი მხოლოდ რუსეთში თუ გამოგვადგება. ასევე, მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხიც.

იმის მოლოდინი, რომ უგამოცდოდ შევძლებდით ჩარიცხვას, ენგურის დაკეტვის შემთხვევაში გვქონდა.


ელენე, 17 წლის 

ვცხოვრობ ქ. გალში. უმაღლესი განათლების თბილისში მიღება იმიტომ ვარჩიე, რომ იქ სწავლის უკეთესი ხარისხია. მეორე მიზეზი ისაა, რომ თითქმის ყველა ნათესავი თბილისში მყავს და არა სოხუმში. მესამე და მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლას სახელმწიფო გვიფინანსებს, სოხუმში კი დიდი თანხაა გადასახდელი.

რაც შეეხება გამოცდების დროს ჩაკეტილ გამშვებ პუნქტს, თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ გასული წლის მაგალითზე დავამყარე იმედები, რომლებიც, როგორც ხედავთ, ჩვენთვის, საბედნიეროდ, გამართლდა.

მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმზე ვაბარებ. თბილისში მიღებული განათლებით, არა მგონია, აფხაზეთში სამუშაოს შოვნა მოხერხდეს, შესაბამისად, თბილისში გავაგრძელებ ცხოვრებას.

სწავლის შემდეგ ზოგიერთი ბრუნდება გალში, მაგრამ უმეტესობა მაინც თბილისში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი