ახალი ამბები

პირი, რომლის თქმითაც, “მთავარი არხის” კადრებზეა აღბეჭდილი, საქმესთან კავშირს უარყოფს

9 ივლისი, 2020 • 1100
პირი, რომლის თქმითაც, “მთავარი არხის”  კადრებზეა აღბეჭდილი, საქმესთან კავშირს უარყოფს

პირი, რომელიც აცხადებს, რომ “მთავარი არხის” მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებზეა აღბეჭდილი, საქმესთან კავშირს უარყოფს.

კერძოდ, საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება თბილისში ტოიოტას მარკის ავტომობილით ჩამოყვანილ გურამ ამირხანაშვილს თეთრი ფერის მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი . მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოზე ასახული თეთრპერანგიანი პირი თავადაა, ლაშა ლურსმანაშვილია.

ლურსამანშვილი შსს-ში 8 ივლისს გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამირხანაშვილსაც არ იცნობს. მისი თქმით, ამირხანაშვილმა მას მობილური ტელეფონით დარეკვა სთხოვა, რაზეც ლურსმანაშვილის თქმით, უარი უთხრა, რადგან ბალანსზე თანხა არ ჰქონდა:

“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემს პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს, არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა”, – თქვა ლურსმანაშვილმა.

ლურსმანაშვილი ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ინტერვიუში ასვე აცხადებს, რომ ტანსაცმელი, რომელიც იმ ღამით ეცვა და კადრებშიცაა დაფიქსირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

მანამდე, საქმის ამავე ეპიზოდზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილი გამოიკითხა. “მთავარი არხის” ვარაუდით, სწორედ ბილანიშვილი იყო ის პირი, ვინც ამირხანაშვილს დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოიოტას მარკის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში შეხვდა.

ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განმარტებით, ბილანიშვილი არც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს იცნობს და არც იმ ღამეს ყოფილა შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის თქმით, ბილანიშვილის მიმართ სატელევიზიო ეთერით გახმიანებულ ბრალდებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის მეგობარია. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს ბილანიშვილი სახლში იმყოფებოდა და აქვს ამის დამადასტურებელი ალიბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი