ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გაგრძელება არაკონსტიტუციურია – „ლელოს“ სარჩელი

8 ივლისი, 2020 • 1360
საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გაგრძელება არაკონსტიტუციურია – „ლელოს“ სარჩელი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, სადაც ამბობს, რომ მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესება და შემდგომ მისი გახანგრძლივება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, არაკონსტიტუციურია.

ნეტგაზეთი ესაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს. მისი განმარტებით, პრობლემა შემდეგია: საგანგებო მდგომარეობის შემოღება თავისთავად გულისხმობს გარკვეული ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას, როგორიც იყო, მაგალითად, გადაადგილების ან შეკრების შეზღუდვა.

კონსტიტუციის თანახმად, ამ უფლებების შეზღუდვის ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს კანონს ანუ პარლამენტის მიერ მიღებულ აქტს. ასეთ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტი პროცესში უნდა ჩაერთოს, რათა განისაზღვროს, თუ რომელი უფლება რა დოზით იზღუდება.

„ჩვენთან ეს კონსტიტუციური სტანდარტი დაირღვა და მოხდა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთელი უფლებამოსილება განუსაზღვრა, თუ რა დოზით უნდა შეზღუდულიყო ეს უფლებები, გადააბარა საქართველოს მთავრობას. ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დაირღვა კონსიტუტციური მოთხოვნა“, – განმარტავს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს გაწერილი სტანდარტი, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობის დროს.

„გუშინ რაც ვნახეთ, ორმაგად აქტუალურს ხდის ჩვენს სარჩელს. ვინაიდან ახლა ხდება ის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომლითაც ასევე ეთიშება პროცესებს პარლამენტი და ფორმალურად, სასამართლოც და მთავრობას ან მთავრობის მიერ დელეგირებულ სამინისტროს შეეძლება  დაგვიწესოს მთელი რიგი შეზღუდვები“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი საუბრობს კანონპროექტზე, რომლის მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, “რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს”.

ამ კანონპროექტის გარეშე ყველანაირი შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს დაინიშნა, 15 ივლისს უნდა მოიხსნას.

„საგანგებო მდგომარეობის დროს „გაუტკბა“ მთავრობას, რომ არც საპარლამენტო ჩართულობა იყო პროცესში და ერთპიროვნულად შეეძლო გადაეწყვიტა შეზღუდვების მასშტაბი, დრო და ა.შ. მოეწონა ეს ამბავი, მოირგო ეს პრეცედენტი და ახლა კიდევ უფრო იხანგრძლივებს ასე მართვის შესაძლებლობას, რაც,  ჯამში, ძალიან საშიშია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, იმედია, არ დააყოვნებს, არა მხოლოდ შორეული მომავლისთვის იქნება აქტუალური, არამედ შეზღუდვების გაგრძელებითვისაც. იმედია, კონსტიტუციის სწორად განმარტების შემდეგ, სასამართლო იტყვის, რომ არ შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს უფლების შეზღუდვის მასშტაბი, ხანგრძლივობა, საჭიროება და სრულიად გამოთიშული იყოს ამ პროცესიდან თავად საკნონმდებლო ორგანო“, – ამბობს ნაცვლიშვილი. 


საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, ხელი მოაწერა ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში მოქმედი კომენდანტის საათი 23 მაისს დასრულდა.

„22 მაისის შემდგომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს”,- განაცხადა მაშინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი