ნეტგაზეთი | თეთრი ფურგონი და უცნობი პირი – ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეში თეთრი ფურგონი და უცნობი პირი – ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეში – Netgazeti

თეთრი ფურგონი და უცნობი პირი – ახალი გარემოებები შაქარაშვილის საქმეში

ტელეკომპანიებმა, “მთავარმა არხმა” და ფორმულამ – გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელშიც თეთრი ფერის ავტომობილი და უცნობი კაცი ფიგურირებენ.

“ფორმულას” გადაცემა პოლიტმეტრის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მოქმედება მცხეთაში ხდება, მეორე ვიდეოში კი, დიდუბეში – იქ, სადაც გამოძიების ვერსიით, თავისუფლებააღკვეთილი გურამ ამირხანაშვილი დატოვეს. შსს-ში განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ.

ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ვტომობილი, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით მცხეთაში, ინციდენტის ადგილას “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანის მისვლიდან 2 წუთში გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით 5 წუთია გაჩერებული. უცნობია, რა მიზნით მივიდა იქ. ტელეარხის ინფორმაციით, აღნიშნულ ეპიზოდზე საქმის ჩვენებებში საუბარი არ არის.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული კადრების ნაწილი პროკურატურას ეკუთვნის, თუმცა ტელეკომპანია ყურადღებას ამახვილებს ეპიზოდზე, რომელზეც იქამდე საუბარი არ ყოფილა. კადრები გადაღებულია იმ მომენტში, როდესაც ინციდენტში მონაწილე პირები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გურამ ამირხანაშვილს ტოვებენ, რომელიც მანამდე მცხეთიდან წამოიყვანეს და პროკურატურის მიხედვით თავისუფლება აღუკვეთეს. თავად ბრალდებულები ამ ბრალს უარყოფენ.

კადრებში ჩანს, რომ ამირხანაშვილი გზაზე გადადის, თუმცა მალევე ბრუნდება უკან და ჩერდება იმ ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, სადაც ინციდენტში მონაწილე პირებმა დატოვეს. აღნიშნულიდან მალევე, სადგურთან ჩერდება თეთრი ფერის ფურგონი, საიდანაც თეთრპერანგიანი კაცი გადმოდის, მიემართება ამირხანაშვილისკენ და “მთავარი არხის” თანახმად, 4 წუთის მანძილზე ესაუბრება მას.

არის თუ არა ეს ფურგონი იგივე ავტომანქანა, რომელიც მანამდე, “ფორმულას” მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, მცხეთაში ავიდა; ვინ არის კაცი, რომელიც ამირხანაშვილს ელაპარაკა და რა იყო საუბრის თემა; დევს თუ არა ეს ეპიზოდები საქმის მასალებში – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებენ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს, რომელმაც თქვა, რომ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული კადრები საქმის მასალებში აქამდეც იდო, გამოძიება აღნიშნულ გარემოებებს სწავლობს და ამაში ახალი არაფერია. კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომელიც ამირხანაშვილს ესაუბრა, ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს და დაელოდება შსს-ს განმარტებას.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა 28 ივნისს შეუფარდა.  ადვოკატების ნაწილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.

შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა. 17 პირი სწორედ ჩხუბების ეპიზოდზეა დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან