ახალი ამბები

შსს-მ შაქარაშვილის საქმეზე 112-ში შესული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა

7 ივლისი, 2020 • 1607
შსს-მ შაქარაშვილის საქმეზე 112-ში შესული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 112-ში შესული ზარის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ზარის ავტორი იაკობ ბრეგვაძეა, ჩანაწერში კი ისმის, რომ პოლიცია ბრეგვაძეს ჩხუბის დასრულებამდე ვერ პოულობს.

გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ბრეგვაძე პოლიციას ატყობინებს, რომ მცხეთაში ჩხუბი ხდება და ამბობს – „კაროჩე, მანქანით მოვიდნენ. მე დავიმალე იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა, მე რომ ჩავრეულიყავი. იარაღები ჰქონდათ, ჯოხი.. რკინის რაღაც“.

ამავე ზარში ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ პოლიცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიხდეს. თუმცა მას შემდეგ, რაც ოპერატორი ბრეგაძეს ხელახლა ურეკავს, ის ამბობს, რომ ჩხუბის ფიგურანტები უკვე დაიშალნენ და სამართალდამცველების მოსვლას აზრი აღარ აქვს.

ზარი გამოქვეყნების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ბრიფინგი გამართა. შს მინისტრის მოადგილის,ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებულია 450 საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება.

მათ შორის:

  • გამოკითხულია 93 პირი;
  • გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან – ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
  • მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
  • ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი;
  • საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

შსს აცხადებს, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, ბრალდება დამძიმდეს გარკვეული პირის ან პირების მიმართ.


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა გუშინ, 28 ივნისს შეუფარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ადვოკატების ნაწილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფთათვის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ნაწილს კი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა დაყენებული.

შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

პროკურატურის ცნობით, შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზაც, რომლითაც უნდა დადგინდეს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი