ახალი ამბები

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება

6 ივლისი, 2020 • 1998
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება. მთავრობის ცნობითვე, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს, 6 ივლისს, გამოაქვეყნებს, ხვალიდან კი შემოწმებას დაიწყებს.

“საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას”,-აცხადებენ მთავრობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტული დარბაზების შემთხვევაში ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, პირსახოცები კი ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს. ამას გარდა, მთავრობა ჯგუფური ვარჯიშებზე ლიმიტს აწესებს – ჯგუფში არაუმეტეს 10 ადამიანი უნდა იყოს.

“ვენტილაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. უპირატესი იქნება ბუნებრივი ვენტილაცია. ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში მინიმალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. ამ კუთხით შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი. დალაგების შემდგომ  [სივრცე] ორპირი ქარის პრინციპით უნდა იქნას განიავებული”,-ამბობს ფერაძე.

რაც შეეხება აუზებს, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება საჭირო კოლიბაქტერიებზე. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი