ახალი ამბები

სასამართლო მთხოვს დოკუმენტს, რომელიც არ ჩამბარებია – კარანტინში მოთავსებული ბავშვის დედა

6 ივლისი, 2020 • 2061
სასამართლო მთხოვს დოკუმენტს, რომელიც არ ჩამბარებია – კარანტინში მოთავსებული ბავშვის დედა

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მცირეწლოვანი შვილის კარანტინში მოთავსების გამო, აცხადებს, რომ პირველმა ინსტანციამ ხარვეზი დაუდგინა და მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. არგანაშვილის თქმით, სასამართლომ მისგან დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, თუმცა ეს დოკუმენტი ფიზიკურად არ ჩაჰბარებია.

საქმე ეხება ანა არგანაშვილის 11 წლის შვილს, რომელიც უკვე მეექვსე დღეა ოჯახის დანარჩენ 2 წევრთან ერთად საკარანტინე სივრცის ერთ ნომერში იმყოფება. უფლებადამცველს არ ესმის, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა მთავრობის დადგენილების თანახმად, პირის არასრულწლოვნობა სპეციალურ შემთხვევად მოიაზრება და კარანტინის ნაცვლად, მისი თვითიზოლაციაში გადაყვანაა შესაძლებელი.

“სასამართლოს მივმართე, ვინაიდან არ ჩამბარებია არანაირი დოკუმენტი, რომელიც ამიხსნიდა, რატომ შეუზღუდეს ბავშვს თავისუფლება და გაუშვეს არა თვითიზოლაციაში, არამედ – კარანტინში. ამ დროს სასამართლომ მითხრა, რომ ვერ მიიღებს ჩემს სარჩელსა და უზრუნველყოფის მოთხოვნას იმიტომ, რომ ის დოკუმენტი არ წარვადგინე, რომელიც მე არ ჩამბარებია.

…როგორ წარვადგენ იმას, რაც არ მაქვს? მე ვამბობ იმას, რომ უკანონოდ იმიტომ შეუზღუდეს თავისუფლება, რომ ეს დოკუმენტი არ ჩამბარებია და არ ვიცი, შიგნით რა წერია. სასამართლო კი მეუბნება, დოკუმენტის ნომერი მინდა, გამოცემის თარიღი და ასლიო. ეს უბრალოდ არის ჩემი შვილის დამატებითი დღეები და საათები. მე უბრალოდ უნდა ავუხსნა, რომ იცით, ზუსტად ეს გავასაჩივრე”, – აღნიშნავს უფლებადამცველი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ამ სარჩელით არა მხოლოდ თავისი შვილის, არამედ სხვა დედებისა და შვილების უფლებებისთვის იბრძვის, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან მასზე უარეს მდგომარეობაში:

“მე ვიცი, რომ ვერ მოვასწრებ და ეს უსასრულოდ გაიწელება. მაგრამ ის ქალები, ვინც უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან? ერთი წერდა ჯგუფში, ბავშვი ტკიპამ დაკბინა და დამამშვიდებლებს ვაძლევო, მეორე წერს – ბავშვი ალერგიულია და არ მიჯერებენო…  მე ამ წუთში სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის ვაკეთებ ამას”.

წაიკითხეთ ვრცლად:

კარანტინი თვითიზოლაციის ნაცვლად – მშობელმა სასამართლოს მიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი