ახალი ამბები

კარანტინი თვითიზოლაციის ნაცვლად – მშობელმა სასამართლოს მიმართა

3 ივლისი, 2020 • 2470
კარანტინი თვითიზოლაციის ნაცვლად – მშობელმა სასამართლოს მიმართა

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სახლის პირობებში ვეღარ გადიან. მათ კარანტინის გავლა სახელმწიფოს მიერ ნაქირავებ სივრცეებში უწევთ. საგამონაკლისო შემთხვევები მოიაზრებს ბავშვებს, თუმცა მშობელი ამბობს, რომ მის შვილს უფლება არ მიეცა, კარანტინი სახლში, თვითიზოლაციის პირობებში გაეტარებინა, რის გამოც სასამართლოს მიმართა.

არასრულწლოვანი კარანტინში

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელი დირექტორის და ბავშვთა უფლებადამცველის, ანა არგანაშვილის თქმით, კარანტინში ბავშვებს არ აქვთ ადეკვატური კვების შესაძლებლობა, შეზღუდული აქვთ მოძრაობა, იღებენ ფსიქიკურ სტრესს, რის შედეგადაც უარესდება მათი გუნება-განწყობილება და ეწყებათ უმოძრაობით გამოწვეული სომატური პრობლემები. არგანაშვილის თქმით, ეს პრობლემების არასრული ჩამონათვალია, თუმცა თავს იკავებს სხვა პრობლემების დასახელებისგან, რადგან არ სურს ბავშვის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა.

როგორც არგანაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, საქმე ეხება მის 11 წლის შვილს, რომელიც უკვე მეექვსე დღეა ოჯახის დანარჩენ 2 წევრთან ერთად საკარანტინე სივრცის ერთ ნომერში იმყოფება.

მთავრობის 2020 წლის 23 მაისს №322 დადგენილებაში “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციაში მოთავსების უფლება მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში გახდა შესაძელებელი, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ პირი არასრულწლოვანია.

მიუხედავად ამისა, არგანაშვილის თქმით,  მათ შემთხვევაში სახელმწიფომ ეს არ გაითვალისწინა. როგორც არგანაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს საქართველოში ჩამოსვლამდე 7 დღით ადრე მიმართა და ბავშვის თვითიზოლაციაში მოთავსება სთხოვა. თუმცა ეს მოთხოვნა სამინისტროს არ დაუკმაყოფილებია და არც შესაბამისი არგუმენტები დაუსახელებია.

“მიმაჩნია, რომ ბავშვი არ არის სტატისტიკა და უნდა შეისწავლონ ყველა ბავშვის საჭიროებები და უნდა განსაზღვრონ, რა უფრო დიდი საფრთხეა – ის, რომ ბავშვი ოჯახში იყოს თვითიზოლაციაში, თუ ის, რომ დაერღვეს ყველა უფლება. როგორც ჩანს, ადმინისტრაციულ ორგანოს ეს არ აწუხებს, ამიტომ მივმართე სასამართლოს და ვდავობ, რომ ეს არის ბავშვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, რადგან საკარანტინე სივრცეში მისი ყოფნა არის დაუსაბუთებელი.

არაოფიციალურად ყველა ამბობს, რომ თვითიზოლაციაში ყოფნის საშუალებას იმიტომ აღარ აძლევენ ადამიანებს, რომ ბევრი არღვევდა და კონტროლი უფრო ძვირი უჯდებოდათო. თუმცა ეს არ არის არგუმენტი. ბევრი რომ არღვევდა, არ ნიშნავს, რომ ამის გამო ბავშვი უნდა დავაზარალოთ. ასევე, რადგან იაფი ჯდება ჩვენი გამოკეტვა, ეს არ უნდა იყოს ალტერნატივა. სახელმწიფომ ყოველთვის უნდა დაასაბუთოს, რომ რაღაც უფლების შეზღუდვა იყო პროპორციული იმის მიღწევისთვის, რა მიზნითაც გვზღუდავს. ამას არ გვისაბუთებენ. როგორც ჩვეულებრივ სტატისტიკურ ერთობლიობას, ისე გვეპყრობიან”, – განმარტა არგანაშვილმა.

მისი თქმით, საკარანტინე ზონებში ყოფნასთან დაკავშირებით პრობლემები სხვა ადამიანებსაც ექმნებათ, თუმცა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკისგან თავს იკავებენ.

“როცა მე პირველად გამოვხატე პრეტენზია, მოვიდა კარანტინის ერთ-ერთი თანამშრომელი და მითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან დარეკეს, რაღაც დაგიპოსტავს და თუ შეიძლება წაშალეო. ანუ ძალიან ადვილია ადამიანის ნებაზე ზემოქმედება. ყველას ეშინია, რომ რადგან თავისუფლება აქვთ შეზღუდული, რამე რომ თქვან, შეიძლება რაიმე საჭირო ნივთი არ მიაწოდონ”, – ამბობს არგანაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ცენტრის სპეციალისტებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თვითიზოლაციაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობდა.

“ამ ეტაპზე მათ არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება, რომ გადავიდნენ თვითიზოლაციაში, არ აქვს [არასრულწლოვანს] სამედიცინო ისტორიაში რაიმე ჩივილი, რაც დადგენილებაში არის შესული. ამის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაზე იქნებოდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას”, – განუმარტეს “ნეტგაზეთს” ცენტრის პრესსამსახურში.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ითვლება თუ არა განსაკუთრებულ საჭიროებად არასრულწლოვნობა, სამინისტროს სსიპ-ში განმარტეს, რომ დადგენილებაში პუნქტი, სადაც სხვა განსაკუთრებულ საჭიროებებთან ერთად აღნიშნულია არასრულწლოვნობაც, არ ეხება ყველა არასრულწლოვანს და ამას სპეციალისტები აფასებენ.

თუმცა დადგენილება №322-ში, რომელიც ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში ყოფნის წესებს ამტკიცებს, დამატებითი განმარტება, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები არასრულწლოვნის საკარანტინე სივრციდან თვითიზოლაციაში გადაყვანა, არ იძებნება. ამასთან დაკავშირებით კი პრესსამსახურში განმარტეს, რომ კონკრეტულ დეტალებს სასამართლო დაადგენს.

არგანაშვილის თქმით, მისი სასამართლო სარჩელი დადგენილების სწორედ ამ ნაწილს შეეხება.

დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები

მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე მოქალაქეებს შესააძლებლობა ჰქონდათ იზოლაცია გაევლოთ როგორც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში, ასევე თავად ამ პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში, ამ სივრცის შეფასების შემდეგ. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, შორენა ლოლაძემ განმარტა, ამ შესაძლებლობის პრაქტიკაში განხორციელების უფლება ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ აპრილში არ მისცა ორ პირს, რომლებმაც შემდგომ საიას მიმართეს.

როგორც ლოლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ორივე მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა თვითიზოლაცია სახლის პირობებში გაევლო, თუმცა სამინისტრომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არც დამაკმაყოფილებელი არგუმენტებით განუმარტავთ თავიანთი გადაწყვეტილება:

“ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თვითიზოლაციის პერიოდი თავის საკუთრებაში არსებულ ფართში გაეტარებინათ.  შეავსეს სპეციალური ფორმა, რომლითაც მოითხოვეს, რომ ეს პერიოდი ამ ფართში გადასულიყვნენ, მაგრამ არავითარი წერილობით პასუხი არ მიუღიათ და მოათავსეს პირდაპირ სასტუმროში. ამ პირებმა საკარანტინე სივრცეებში გადასვლის შემდეგ მოგვმართეს, ჩვენ იმ დღესვე გავუმზადეთ მათ საჩივრები, რომლითაც ოფიციალურ უწყებებს მიმართეს სხვადასხვა გზების გამოყენებით. პირდაპირ ვერ მიმართეს სამინისტროს, რადგან სააღდგომო დღეებს დაემთხვა და დასვენებები იყო. თუმცა გააგზავნეს ოფიციალურ მეილებზე, ფეისბუკ გვერდებზე და ა.შ. ასევე რეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საჩივრები ჰქონდათ გაგზავნილი, თუმცა არავითარი პასუხი არ მიუღიათ საკარანტინო პერიოდის განმავლობაში და კარანტინის ბოლო დღეს, დილით, გამოსვლამდე, ჯანდაცვის სამინისტროდან გადასცეს წერილობით პასუხი, რომ მოქმედი რეგულაციებით, პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ უცხოეთში, ექვემდებარებიან საკარანტინო სივრცეში ორკვირიან იზოლაციას”, – განმარტა ლოლაძემ.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა. მათ შორის, არ იყო მითითებული, რა ვადაში განიხილებოდა აღნიშნული საჩივრები. ლოლაძის თქმით, საკარანტინო სივრცეში გადაყვანასთან დაკავშირებული საჩივრები დაჩქარებულ ვადაში უნდა განიხილებოდეს, რადგან იზოლაციის პერიოდი მცირე დროით განისაზღვრება, მისი დასრულების შემდეგ კი საჩივარი აზრს კარგავს.

მთავრობის დადგენილება

ამ დროისთვის ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა შეავსონ სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა მიეცემათ.

თუმცა დადგენილებაში შესული ცვლილებებით, მათი ეს მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება თუ:

  • პირი წარადგენს სამედიცინო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მას აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა)
  • პირი არის საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენელი, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შეუამდგომლობის გათვალისწინებით.
  • არსებობს სხვა განსაკუთრებული გარემოებები/სოციალური ფაქტორები (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი), რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.

ქვეყანაში შემოსვლის მსურველებმა აღნიშნული მოთხოვნის ფორმა უნდა შეავსონ ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე, სადაც მიუთითებენ პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული კითხვარი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით სპეციალურ მისამართზე (covisolation@moh.gov.ge), ამის შემდეგ კი მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად შესაბამისი უწყების წარმოამდგენლები საიზოლაციო სივრცეებს წინასწარ შეაფასებენ და შესაბამისი პირობების შემთხვევაში მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. თვითიზოლაციაში ყოფნისას კი ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითიოზლაციის მოთხოვნა შეუძლია საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პირებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი