ახალი ამბები

თბილისში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

5 ივლისი, 2020 • 2377
თბილისში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზღვრები გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს, რომელიც საბოლოოდ, მოქალაქეების კეთილდღეობაზე დიდ და ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად ქვეყანაში შედარებით წყნარი ეპიდსიტუაციისა, მთავრობას საზღვრების გახსნა არ უნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ათასობით თანამოქალაქე სამსახურისა და შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება.

ტურისტების არარსებობისა და სამსახურების დაკარგვის ფონზე, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომავალშიც გაიმართება აქციები, რომლითაც, მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადაგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ, საზღვრების გახსნის მოთხოვნით. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„11 წელია საზღვარგარეთ ვმუშაობ, ახლა იქ სამსახური მეკარგება, აქ კი სახლი“ – 3 ისტორია აქციის მონაწილეებისგან

დღევანდელ აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად, ის ადამიანებიც მოვიდნენ, ვისი შემოსავლებიცა და სამუშაოც საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდება.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ეთერ მგალობლიშვილია. ის 11 წლის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. მარტში მგალობლიშვილი ოჯახის სანახავად ჩამოვიდა, თუმცა, უკან ვეღარ დაბრუნდა.

„ვითხოვ, რომ გაიხნას საზღვარი, მგონია, ამის საშუალება არის. თუნდაც, კვირაში ერთი რეისი შესრულდეს. ყველას გვაქვს ოჯახური და ეკონომიკური პრობლემები. პირადად მე, სესხი მაქვს ბანკიდან აღებული, ბინა ვიყიდე. 3 თვე მომცა მთავრობამ დრო, მაგრამ სამი თვის შემდეგ, ბანკი მეუბნება – გაინძერი და გააკეთეო. რითი გავაკეთო?! ვერ ვშოულობ სამსახურს აქ.

იქ სამსახური მეკარგება, აქ სახლი, საბუთები მიფუჭდება. 6 თვეზე მეტი არ შემიძლია…ჩვენ აქ გაჩერების უფლება არ გვაქვს. 11 წელია იქ ვმუშაობ. 11 წლის შემდეგ ძლივს ავიღე იქ საბუთი, ჩამოვედი პირველად, პირველად ვნახე ჩემი შვილი 11 წლის შემდეგ, უკვე დაოჯახებული,“ – უყვება ის ნეტგაზეთს.

კითხვაზე, თუ აპირებს ის რომელიმე ჩარტერული რეისით საბერძნეთში დაბრუნებას, ეთერ მგალობლიშვილი გვპასუხობს, რომ ეს მისთვის წარმოუდგენელია.

„მომთხოვეს 3 500 ლარი. იყო მარტო ბიზნეს კლასის ბილეთები. 3500 ლარი რომ მქონდეს, სულ არ წავიდოდი საბერძნეთში,“ – ამატებს ქალი.

ეთერ მგალობლიშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში მუშაობს და რომელიც დღევანდელ აქციას დაესწრო ანა ბერიძეა. ის გვიყვება, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, მას ოჯახის რჩენის საშუალება, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

„აქ არც სამუშაო მაქვს და არც არაფერი. დედა პენსიონერი მყავს, მყავს ასევე შვილი. იქიდან ვუგზავნიდი ფულს და ვარჩენდი. აქ კი დედაჩემის პენსიაზე ვცხოვრობ და უკვე მრცხვენია. მეც 12 წლის შემდეგ ჩამოვედი და არც ვიცი.. ჩაიკეტა საზღვარი, მე კი არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ელემენტარული რამე ვიყიდო – თუნდაც, საჭმელი. როგორ ვიცხოვრო დედაჩემის 200 ლარზე?,“- ამბობს ანა ბერიძე.

მისი თქმით, საზღვარი რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას, იმისთვის, რომ ოჯახმა ვალებიდან ამოსვლა შეძლოს, მანამდე კი ეს შეუძლებელია.

„უნდა გაიხსნას საზღვარი, რომ თავიდან დავიწყო იქ ცხოვრება. კარგი სამუშაო დავკარგე, ვალებში ჩავვარდი. არ ვიცი რა მდგომარეობა იქნება, ძალიან ცუდ დღეში ვართ – ანა ბერიძე,“.

აქციის მონაწილე, ანა ბერიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხვების მსგავსად, თეონა გედენიძეც ერთ-ერთია, რომლის სამსახურიც საზღვარგარეთ ვიზიტებზეაც დამოკიდებული.

„სოლიდარობას ვუცხადებ დღევანდელ აქციას, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მჭირდება საზღვარგარეთ წასვლა. ამ ეტაპზე ქართულ ბიზნესი მინდოდა დამეწყო – ქართული თაფლის ექსპორტი და პარტიორები უნდა მენახა, არამარტო ვირტუალურად, არამედ რეალურადაც. საჭირო იყო პირადი მოლაპარაკებები, ველოდებოდი 1 ივლისს, საზღვრები კი არ გაიხსნა.

ისეთმა ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები, სადაც კოვიდინფიცირებულების ოდენობას ვეღარ ითვლიდნენ, საქართველოში კი ასეულობით იყო დაინფიცირებული. ქვეყანას შეეძლო რეგულარული ფრენების აღდგენა და ამით, ტურიზმის თუნდაც 20-30%-ის გადარჩენა,“ – ამბობს ნეტგაზეთთან გედენიძე.

მისივე განმარტებით, ბევრ კითხვას აჩენს, თუ რატომ არ ხსნის საქართველო, რომელიც მწვანე ზონაა, საზღვრებს.

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლებას მენეჯმენტი აკლია. არ იციან რა გააკეტონ, პისიარ ტესტი მოითხოვონ [საზრებზე], ტესტები გააკეთონ აეროპორტში თუ სხვა,“ – ამბობს თეონა გედენიძე.

თეონა გედენიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი


ზოგიერთი ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის მიუხედავად, უცნობია, როდის აღდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. საქართველოს მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა.

ამის პარალელურად ივლისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ჩარტერული რეისების კომპონენტს ვიზეარიც დაემატოს, რომელიც უფრო დაბალფასიან ბილეთებს ყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი