ახალი ამბები

მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა იწყება – მწვანე ალტერნატივა

3 ივლისი, 2020 • 2030
მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა იწყება – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, მიუხედავად სპეციალისტების, ადგილობრივებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კრიტიკისა, რუსეთისკენ მიმავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მონაკვეთის – ქვეშეთი-კობის – გზის მშენებლობა მაინც იწყება.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

„პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო.

ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა“.

„მწვანე ალტერნატივის“ თქმით, პროექტი სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს. ასევე, ბიომრავალფეროვნებას, რომელთა შორის წითელ წიგნში შეყვანილი არაერთი სახეობაა.

„ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება.

პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც 475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ვრცლად:

კობი-ქვეშეთის გზისთვის 1 კვ.მ მიწაში 5.6 ლარი 58 მესაკუთრეს შევთავაზეთ – გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი