ახალი ამბები

“მთავარი არხი” სარედაქციო პოლიტიკაში ვინმეს ჩარევას არ დაუშვებს – გახარია

3 ივლისი, 2020 • 1869
“მთავარი არხი” სარედაქციო პოლიტიკაში ვინმეს ჩარევას არ დაუშვებს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ტელეკომპანია “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევიან და თავად ტელეკომპანიაც არ დაუშვებს ამას. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, “მთავარი არხი” არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დაწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო დღეს არავის არ აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური თვალსაზრისით ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. დარწმუნებული ვარ ამაში”, – განაცხადა გახარიამ.

გახარია ამ განცხადებით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დართო ნება, ტელეარხიდან დაუმონტაჟებელი სახით ამოიღოს კორონავირუსთან დაკავშირებით ეთერში 20 ივნისს გასული სიუჟეტის მასალები.

სუსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტი უკავშირდება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მარტში დაწყებულ გამოძიებას და აღნიშულ პროცესს ერთიან ჭრილში განიხილავს.


“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” სწორედ ამ სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, გამოკითხვაზე დაიბარეს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი