ახალი ამბები

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

26 ივნისი, 2020 • 1811
“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

“სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა”, – ასე აფასებენ მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე მეორე დღეა, რაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოქალაქეებს გამოკითხვაზე იბარებს. სუს-ში დაბარებულთა შორის არიან “მთავარი არხის” სიუჟეტის რესპონდენტები, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

გამოკითხვაზე დაბარებულები და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”  ამ გამოძიების მიღმა ხედავენ არა დანაშაულს, არამედ დიდ რისკს, რომ ხალხი დაშინდეს და ხელი შეეშალოს თავისუფალ გამოხატვას.

რას იძიებს სუსი?

სუს-მა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის მარტში დაიწყო. 16 მარტს პირთა ჯგუფმა “მთავრობისა” და “ჯანდაცვის” სახელით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მთავარმა არხმა” ამ ამბებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ივნისში, მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, მარნეულში სხვადასხვა დაავადებით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებს, თითქოს, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას სთავაზობდნენ.

სუს-ში დაბარებული პირებიც სწორედ ამ სიუჟეტის რესპონდენტები არიან. ამავე სიუჟეტთან დაკავშირებით დაწერა სტატუსი სუს-ში დაბარებულმა ნინო ჭელიძემ, ხათუნა სამნიძე კი კომენტარებში წერდა, რომ მსგავსი ინფორმაცია მასაც ჰქონდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ 25-26 ივნისს რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარეს მარტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში და ახალი გამოძიება არ დაწყებულა.

კითხვაზე, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან მარტში დაწყებულ გამოძიებას და “მთავარი არხის” მიერ ივნისში მომზადებულ სიუჟეტს, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

სუს-მა “მთავარი არხის” სიუჟეტისა და გამოძიების შესახებ 26 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს:

“აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია “მთავარი არხი”, ერთი მხრივ, შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას”.

რას ამბობენ გამოკითხვაზე დაბარებულები?

“მთავარი არხის” რესპონდენტების გარდა, გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე.

ნინო ჭელიძემ 21 ივნისს ფეისბუკზე პოსტი დაწერა, რომელშიც იკითხა, თუ სჯეროდა ვინმეს, რომ კორონავირუსზე დიაგნოზის გაყალბებაში რომელიმე მოქალაქე ფულს იღებდა. ამ პოსტზე ხათუნა სამნიძემ კომენტარის სახით დაწერა, რომ მას პირადად ჰქონდა გაგებული ინფორმაცია მსგავსი შემთხვევის შესახებ.

ჭელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ სუს-ში გამოკითხვა ძირითადად სწორედ ამ პოსტს ეხებოდა. უწყებამ მას ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული ფეისკბუკ გვერდი ნამდვილად მისი და თუ იცნობდა ისეთ პირს, ვისი დიაგნოზიც კორონავირუსზე გააყალბეს. ჭელიძემ ამ უკანასკნელ კითხვაზე უპასუხა, რომ ასეთ პირს არ იცნობდა, ხოლო მისი პოსტი უფრო კითხვა იყო, ვიდრე რაიმე სხვა.

“ახლაც ძალიან უცნაურია იმიტომ, რომ ის სტატუსი, რაც დავწერე, ფაქტობრივად, კითხვაა, მეტი არაფერი. სწორედ ეს არის ჩემთვის ცოტა უცნაური და გაუგებარი, რომ კითხვის დასმის გამო დამიბარეს და გამომკითხეს. დამატებით პროცედურებზე, თუ რას აპირებდნენ შემდგომ, ჩემთვის არ განუმარტავთ”, –  უთხრა ნინო ჭელიძემ ნეტგაზეთს.

სუს-ში დაბარებულმა ხათუნა სამნიძემ კი გვითხრა, რომ არ იცის, თუ რაზე უნდა გამოკითხონ ის.

ნეტგაზეთთან საუბარში სამნიძე ამბობს, რომ უწყება რამდენიმეჯერ დაუკავშირდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ მისი დაბარებაც იგეგმება.

“მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ წინასაარჩევნო პერიოდს და მცდელობას, რომ რაც შეიძლება მეტი შიში დაითესოს წინასაარჩევნო პერიოდში. ამას პირდაპირ უკავშირდება კახა კალაძის გუშინდელი ლაივი ფეიკნიუსებთან დაკავშირებით.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაუკავშიროს ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს, განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მთელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ.

მაშინ, როდესაც ამ უწყებისგან არ გვინახავს რეალურად საფრთხის შემცველი განცხადებების გამოძიება. არც იმ ჯგუფებზე მუშაობა, რომლებიც პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამ ვითარებაში ვხედავთ, რომ სუსი დაკავებულია ფეისბუკ პოსტების დევნით“, – ამბობს ნეტგაზეთთან სამნიძე და დასძენს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ამ გამოძიებას არანაირი კავშირი არ აქვს.

“სახიფათო პრეცედენტი” – სამოქალაქო სექტორის შეფასება

გამოძიების მიღმა პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის პროექტის ხელმძღვნელი ნიკა სიმონიშვილიც. ის ნეტგაზეთს უყვება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საბოტაჟის მუხლი კონკრეტული მიზნისა და შედეგის არსებობას მოითხოვს და არა – ვარაუდებს.

“რაც სუსში წამოიწყეს, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. კანონმდებლობის თანახმად, საბოტაჟი გულისხმობს ქვეყნის დასუსტების მიზნით ნებისმიერი ქმედების განხორციელებას, რამაც შეაფერხა სახელმწიფო ან სხვა დაწესებულების მუშაობა. აქ ორი რამ უნდა იყოს გამოკვეთილი – ერთი, რომ სახელმწიფო დასუსტდეს და მეორე ის, რომ მეორე რომელიმე დაწესებულების მუშაობა უნდა შეჩერდეს ან შეფერხდეს, ანუ კონკრეტული მიზანი და შედეგი უნდა იყოს სახეზე.

ჩვენ თუ კარგად შევხედავთ სუს-ის განცხადებას, დავინახავთ, რომ საბოტაჟად ისინი გულისხმობენ დეზინფორმაციის გავრცელებას. უპირველესად შესამოწმებელია, იყო თუ არა ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ისინი ამბობენ, დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვებოდა, ხოლო პროტესტი შეაფერხებდა გაკრვეული დაწესებულებების მუშაობასო. ეს ნიშნავს, რომ საქმე არის თავიდან ბოლომდე ვარაუდზე აგებული – მოგონილ ისტორიებზე და კონკრეტულ შედეგთან მას არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამბობს სიმონიშვილი.

მისი შეფასებით, სუს-ის განცხადებამ აჩვენა, რომ სუსი პროტესტს უკავშირებს გამოხატვის თავისულებას – უფლებას, რომელიც კონსტიტუციითა აღიარებული. სიმონიშვილი დასძენს, რომ ამიერიდან სუს-ისთვის ნებისმიერი პროტესტი პოტენციური საბოტაჟი გამოდის.

“ასეთი პრეცედენტების დაშვება ძალიან სახიფათო და საშიშია არა მხოლოდ მედიის თვალსაზრისით ან მედიასთან მიმართებით, არამედ ზოგადადაც, მე და თქვენ რომ გავიდეთ და პროტესტი გამოვთქვათ, მეც და თქვენც შეიძლება ხვალ სუს-ში აღმოვჩნდეთ და გვითხრან, რომ საბოტაჟს ვაწყობთ”, – განმარტავს ის.

სიმონიშვილს გამოხატვისა და განსხვავებული აზრის მსგავსი ჩახშობა “საბჭოთა კავშირში” არსებულ პრაქტიკას აგონებს:

“ეს უფრო კომუნისტური გადმონაშთია, ვიდრე დემოკრატიული პროცესი”

სუს-ის მიერ მოქალაქეების დაბარებას ეხმაურება კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”. აღნიშნული კოალიცია საქართველოში მედიისა და ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს.  განცხადებაში, რომელიც კოალიციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მედიის თავისუფლებაში ჩარევაა.

კოალიცია წერს, რომ სისხლის სამართლის დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც, თუ სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტები სიცრუეა, დაუშვებელია.

“იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება. აღნიშნული ქმედება რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.

ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა”, – ამბობს კოალიცია.

რას უკავშირებს გამოძიებასა და დაბარებებს „მთავარი არხი“

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას. გვარამია სუს-ის მიერ მოქალაქეების დაბარებასა და, ზოგადად, საქმის წარმოებას, ტელეკომპანიის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

გვარამია ამბობს, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, რეალურად, მედიის წინააღმდეგ აღძრული საქმეა. მისივე თქმით, თავდაპირველად, ტელეკომპანიაში ეგონათ, რომ სუსი ეძებდა არა რესპონდენტებსა ან/და ჟურნალიტებს, არამედ იმ პირებს, ვინც, სიუჟეტის თანახმად, დიაგნოზებს აყალბებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, გამოძიების სამიზნე რესპონდენტები და ჟურნალისტები გახდნენ.

“წარმოიდგინეთ, თქვენს კრიტიკულ სტატიაზე ან სიუჟეტზე, რომელიც, თუნდაც რომ აღმოჩნდეს ტყუილი – მედიაჩეკერს ან ჟურნალისტური ეთიკის რომელიმე ორგანოს კი არ ჰქონდეს რეაქცია, არამედ, სუს-მა აღძრას საქმე – ცენზურა სხვა კი არაფერია”, – ამბობს გვარამია.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ძალოვანი უწყების მხრიდან ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ აზერბაიჯანულ თემსაც, სადაც მანამდე სამოქალაქო აქტივიზმი ნაკლებად აქტიური იყო.

“რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო დაშინება ყველას მიმართ – მედიის, სამოქალაქო აქტივიზმისა და ირიბად, ამომრჩევლის. ზოგადად, შიშის დანერგვის პროცესია”, – ამბობს გვარამია და დასძენს, რომ არხზე გასულ სიუჟეტში აზერბაიჯანულენოვანი რესპონდენტების სიტყვები ზუსტად ითარგმნა. 

გვარამია ასევე ყვება, რომ ბოლო დღეებში “მთავარი არხის” წინააღმდეგ მმართველი პარტია განსაკუთრებით გააქტიურდა, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

“ჩვენ გვაქვს სკანდალური შედეგები გამოძიების – ფეხბურთელ შაქარაშვილის საქმეზე, რომელსაც გავახმოვანებთ და 
მათ ეს იცოდნენ.

როგორც გვარამია ამბობს, ტელეარხმა სულ სხვა თემაზე – რამდენიმე დღის წინ დაღუპული ფეხბურთელის საქმესა და ამ საქმესთან კავშირში მყოფ პირებზე – ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, რაც გაიგეს ხელისუფლებაში და სწორედ ამას უკავშირდება სუს-ში “მთავარი არხის” სხვა რესპოდნეტების დაბარება. გვარამიას თქმით, მიუხედავად ამისა ,ჟურნალისტური გამოძიება ეთერში მაინც გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი