ახალი ამბები

სასამართლომ სუს-ს “მთავარი არხიდან” დაუმონტაჟებელი მასალის ამოღების ნება დართო

2 ივლისი, 2020 • 1780
სასამართლომ სუს-ს “მთავარი არხიდან” დაუმონტაჟებელი მასალის ამოღების ნება დართო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ “მთავარ არხს”, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტელეარხიდან ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის ამოღება დაევალა.

“საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს გადაცემა “შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის – “ნაყიდი COVID 19” და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” ხელმძღვანელობას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში უწყება ამბობს, რომ “შაბათის მთავარში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი”, რომლის თანახმადაც, მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახებს მათი ნათესავების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით.

უწყება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ამ საქმეზე დაიკითხა რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, ასევე პირები, “ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით”.

“გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის ხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით, მიზნად ისახავენ სსახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას”, – ამბობს უწყება.

განცხადებას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. მისი თქმით, სუს-მა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები დააშინა, რაც „ერთი მხრივ, ჩაფარცხვის და, მეორე მხრივ, მთავარი არხის დისკრედიტაციის მიმართულებით მოქმედებაზე მეტყველებს მხოლოდ“.

„გაუგებარია, მოსახლეობაში პანიკას რითი ვთესავდით, რომ დაბალია სინამდვილეში სტატისტიკა და ხელისუფლებას, პირიქით, ხელოვნურად აწევა უნდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის? ეს პანიკის საფუძველია და კოვიდის ფართო გავრცელების შესახებ ქმნის წარმოდგენას, თუ პირიქით?

 გასაგებია რაც გეწვით, მაგრამ არ გამოვა არც ჩვენი შეშინება, არც ამ თემით შაქარაშვილის საქმის გადაფარვა. დაივიწყეთ, რიგითი სიუჟეტი იქნება, როგორი ავადმყოფი დებილები ხართ და რა მეთოდებით ებრძვით მედიას“, – წერს გვარამია.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

გარდა რესპონდენტებისა, სუს-ში დაიკითხნენ ასევე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. ორივე მათგანი შემდგომ ამბობდა, რომ მათთვის დაბარების მიზეზი გაუგებარია.

“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

“დაშინება და მსუსხავი ეფექტი” – რა მიზანი აქვს ფეისბუკ პოსტების გამო ხალხის სუს-ში დაბარებას?

მასალების გადაბეჭდვის წესი