ახალი ამბები

კოალიცია “ღირსეული შრომისათვის” სოციალური აგენტების გაფიცვას მხარს უჭერს

1 ივლისი, 2020 • 619
კოალიცია “ღირსეული შრომისათვის” სოციალური აგენტების გაფიცვას მხარს უჭერს

კოალიცია “ღირსეული შრომისათვის” განცხადებას ავრცელებს, სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ სამართლიან მოთხოვნებს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, მიუხედავად წლების განმავლობაში უცვლელად არსებული უმძიმესი შრომითი პირობებისა, რაც გამოიხატება სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობაში, ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებში, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობასა და სხვა საკითხებში, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ეს პრობლემები ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი:

“ახლაც, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამინისტრო არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დასმული საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად. გარკვეული ტექნიკური მიზეზების საბაბით, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი, ხოლო მიუხედავად მედიაციის პროცესის დაწყების ოფიციალური მოთხოვნისა, მინისტრის მოადგილის მხრიდან ვისმენთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით”, – აცხადებენ კოალიციაში.

განცხადების ხელმომწერების თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროფკავშირების წარმომადგენელთა მიერ გახმიანებული ინფორმაცია, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება შეხვედრისა და ცალკეული საკითხების გადაჭრის პირობით, იმ ფონზე, რომ სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკითხში სოციალური აგენტების პროფკავშირის მოლაპარაკების მხარედ ჩართვას:

“შევახსენებთ სამინისტროს, რომ სოციალურ აგენტთა პროფკავშირი წარმოადგენს მედიაციის მხარეს და სწორედ ამ პროფკავშირის ინიციატივით იქნა მოთხოვნილი მედიაციის პროცედურის დაწყება. აღნიშნული ფაქტი მიგვაჩნია პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანების დისკრედიტაციისა და დასაქმებულთა მოლაპარაკების ძალის დასუსტების მცდელობად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ ვინაიდან სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა, პირველ რიგში, აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე, მათი დროული და ეფექტური გადაწყვეტა გადაუდებელია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერები მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს:

  • სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე;
  • მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი;
  • უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.

განცხადებას ხელს აწერენ:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
სოლიდარობის ქსელი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი;
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013”;
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი