ახალი ამბები

ბაჩანა შენგელია იუსტიციას პოლიტიკური ნიშნით საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს

26 ივნისი, 2020 • 2434
ბაჩანა შენგელია იუსტიციას პოლიტიკური ნიშნით საქმიანობის შეჩერებაში ადანაშაულებს

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს პოლიტიკური ნიშნით მისთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

შენგელია ამბობს, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამონისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა:

“იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლითაც მე ვახორციელებ საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის და ტერორის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ამჯერად კი, უკვე თეა წულუკიანის სახით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, პირადად ჩემზე განახორციელოს ანგარიშსწორება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა ძალადობრივი მეთოდი და შემიჩერეს საქმიანობის უფლება ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე”, – ამბობს შენგელია.

შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელიას თქმით, კანომდებლობის მიხედვით, ნოტარიუსს საკუთრი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით, ავადმყოფობის გამო დატოვა. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურსა და სახალხო დამცველს მიმართავს:

“აღნიშნულ დევნას მე ასევე ვუკავშირებ ჩემს აქტივობას ხელისუფლების მიერ ჩემი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. აგრეთვე, არ გამოვრიცხავ პირდაპირ კავშირს ჩემ მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზანივლ სარჩელთან ან/და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება”, – ამბობს შენგელია.

განახლება: პარლამენტში გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე კითხვები დაუსვეს. ოპოზიციის კითხვებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ამ ფორმატსი ვერ ისაუბრებს და მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ვიზიტისას მზადაა აღნიშნულ საკითხზეც ისაუბროს:

“არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. როდესაც მე აქ წარვდგები მინისტრის საათის ფორმატში მაშინ ნებისმიერ ცაკლეულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიულის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამიტომ, დაანებეთ ნოგარიუსებს და ამ ადამიანს თავი, კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, რომლის ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ დაარღვია წესი, დროებით შეუჩერდება ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია” – ამბობს თეა წულუკიანი.

ნეტგაზეთი დამატებითი განმარტებისთვის დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

ამ თემაზე:

ია კერზაიას საქმეზე მისი შვილი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

მასალების გადაბეჭდვის წესი