ახალი ამბები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

29 ივნისი, 2020 • 854
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

„დღეს ისტორიული დღე არის, მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“,- ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა განცხადებაში მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყველა იმ წევრს, ვინც ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და თქვა:

„მე ვთვლი ჩემს თავს კონსტიტუციით და ასევე მორალურად პასუხისმგებლად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ არჩევნების დღემდე სტაბილურად მივიდეთ. ამისთვის გადავდგი მე თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა.

მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმის გამო, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი,  და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხიმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას“, – ამბობს ზურაბიშვილი და ცვლილებების მიღების პროცესში ელჩებს მადლობას უხდის.

განცხადების ბოლოს ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბევრი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში მშვიდი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.


საქართველოს პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. კანონპრეოქტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღდეგი იყო.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ “ევროპული საქართველოს” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, რომლებიც მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების დარღვევად არ მიიჩნევენ გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას და პირიქით, მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი გათავისუფლება იქნება სასამართლო სისტემაში ჩარევა, რაც როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მართმსაჯულების ჩაურევლობაში გარანტიების შესახებ ნაწილის წინააღმდეგ მიდის. მდინარაძის თქმით ეს არა შეთანხმების, არამედ ერთობლივი განცხადების ნაწილი იყო, რომელსაც მთავრობა “განგრძობით პერსპექტივაში მუდმივად შეასრულებს”.

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი