ახალი ამბები

ICOMOS: ხადის ხეობაში გზის პროექტირებაში მონაწილეობა არ მიგვიღია

29 ივნისი, 2020 • 1327
ICOMOS: ხადის ხეობაში გზის პროექტირებაში მონაწილეობა არ მიგვიღია

„ICOMOS საქართველო“ აცხადებს, რომ ხადის ხეობაში საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტირების არცერთ ეტაპზე კვლევის მომზადებაში ჩართული არ ყოფილან.

ICOMOS არის იუნესკოსთან ასოცირებული ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო. „ICOMOS საქართველოს“ წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ ხეობაში გზის მშენებლობას.

ორგანიზაციის თანახმად, 2020 წლის 27 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცეში“ გზის პროექტის „გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის“ ავტორმა ორგანიზაცია „ICOMOS“-ის ჩართულობა ახსენა წინასაპროექტო კვლევებში, რის პასუხადაც აცხადებენ:

„ორგანიზაციებს, ICOMOS და „ICOMOS საქართველოს“, არცერთ ეტაპზე არ მიუღიათ მონაწილეობა საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტირების რომელიმე კვლევის მომზადებაში“.

„ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ICOMOS-ის სახელის და ლოგოს გამოყენება (კვლევებსა და სხვა დოკუმენტებში) დაუშვებელია საერთაშორისო ICOMOS-ის საბჭოს სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც განსაზღვრულია ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით. მოვუწოდებთ ზემოთაღნიშნული პროექტის დონორ ორგანიზაციებს, დამკვეთს, პროექტის შემსრულებლებს, ექსპერტებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია“.

განცხადების თანახმად, „ICOMOS საქართველომ“ მოამზადა სპეციალური ანგარიში იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა უქმნის ხადის კულტურულ ლანდშაფტს და ICOMOS-ს საერთაშორისო ანგარიშისთვის წარუდგინა.

ორგანიზაციის ცნობით, ამ ანგარიშის სახელწოდებაა „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ (H@R Report), 2020 წელს გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის.


რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა დიდ თავისტკივილს უჩენს ადგილობრივებს, გარემოდამცველებსა და კულტურული მემკვიდრეობის მცველებს.

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟის და გაიგეთ დეტალები ამ ამბავზე:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი