ახალი ამბები

ICOMOS-მა ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

15 იანვარი, 2021 • 1362
ICOMOS-მა ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

“იუნესკოსთან” ასოცირებულმა ორგანიზაციამ, ICOMOS-მა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთისკენ მიმავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა საფრთხეს უქმნის ხეობის უნიკალურ ძეგლებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მემკვიდრეობაზე მშენებლობის შესაძლო გავლენის საფუძვლიანი კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ხეობის განსაკუთრებული როლი წარსულში და ახლა

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხადის ხეობა, ადრეული შუა საუკუნეების თავდაცვითი და საეკლესიო ნაგებობებითა და ეპიგრაფიკული ძეგლების მაღალი კონცენტრაციით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩრდილოეთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში.

ეს ნათლად გამოხატავს ხეობის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, მისი დიდწილად ხელშეუხებელი ბუნებრივი გარემო განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ქოროღოს ეკლესია ხადას ხეობაში. წყარო: Wikimedia Commons

ავტორები ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აღწერენ, მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ ზოგიერთი მათგანის ამჟამინდელ მდგომარეობასაც, რომელიც შესაძლოა მეტად გაუარესდეს:

“არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, 5-7 მეტრის სიმაღლის კოშკები, ქვის კედლები და სხვა ნაგებობები… ძალიან ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს მათი ასაკიდან და ფიქალის ფილის ქვის მშრალი კონსტრუქციიდან გამომდინარე.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს”.

“რისკი ძალიან მაღალია”

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ “რისკი ძალიან მაღალია მცირე ხეობისა და მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც მდებარეობს პროექტის დერეფანში 50 მეტრის მანძილზე. ICOMOS ხაზს უსვამს, რომ ამ დრომდე არ ხდება ადგილების აღრიცხვა და შესწავლა. ეს კი “სერიოზულ ეჭვს იწვევს პროექტის მიმართ”.

ანგარიშის ავტორები საქართველოში ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელების ბოლოდროინდელი პრაქტიკიდან გამოყოფენ “ბრიტიშ პეტროლიუმის”  მილსადენის მშენებლობას.

მათი თქმით, მილსადენის მშენებლობის დაწყებამდე, ორი წლის განმავლობაში (2003 –2004) და მოგვიანებით, მთელი სამშენებლო პერიოდის მანძილზე, ძეგლების შესწავლა და მონიტორინგი ხორციელდებოდა მილსადენის გასწვრივ ორი კილომეტრის სიგანის დერეფანში. ეს მოხდა ხადის ხეობასთან შედარებით ნაკლებად სენსიტიურ ტერიტორიებზე.

ხადის ხეობა. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველგვარი სპეციალური კვლევების გარეშე აშკარაა, რომ საგზაო პროექტის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი საგანგაშო ვითარებას შეუქმნის ხადის ისტორიულ ველს, რომელიც ხასიათდება შესანიშნავი არქეოლოგიის, ბუნების, ისტორიის მთლიანობითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით.

ამ ტერიტორიაზე, თავისი მაღალი კულტურული და ტურისტული პოტენციალით, საგზაო პროექტის განხორციელება სერიოზულად დააზიანებს ბუნებრივ გარემოს, კულტურულ მემკვიდრეობას და ადგილობრივ თემებს… [ის] მომავალში გამოიწვევს შეუქცევადად არასწორად გამოყენებას იმ რესურსებისა, რომლებიც ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვისაა საჭირო”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

რისკებიდან გამომდინარე, ავტორებს მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ალტერნატიული გადაწყვეტილება ჟინვალი-ლარსის გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთთან დაკავშირებით.

რა შენდება?

ქვეშეთი-კობის გზა მცირე ნაწილი იქნება მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს ალტერნატიული გზით დაუკავშირებს რუსეთს. ამ სატრანზიტო ხაზს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს უწოდებენ.

კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობის ჯამური ღირებულება დაახლოებით $560 მლნ-ია, საიდანაც საქართველოს მთავრობა $84 მლნ-ს ხარჯავს, ხოლო „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $415 და $60 მლნ-ს გამოყოფენ სესხად.

დეპარტამენტის თანახმად, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, ხოლო ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი „მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“.

სწორედ ამ მიზნითაა დაგეგმილი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის თითქმის 23კმ სიგრძის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბი, რომელმაც პროექტის თანახმად ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს [იწყება სოფელ წკერესთან და სოფელ კობთან სრულდება], 9კმ-ის სიგრძის იქნება. აშენების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.

ადგილობრივებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა პროტესტი

კულტურული მემკვიდრეობის საკითხი და მიწის ფასი  წამყვანი საკითხებია დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო კამპანიისა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო მხოლოდ 5 ლარსა და 60 თეთრს სთავაზობს ერთი კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ. ხეობის არაერთი მკვიდრი არათუ ამ ფასად, არამედ საერთოდ არ გეგმავს მიწის დათმობას, მით უმეტეს, ისეთი პროექტისათვის, რომლისგანაც სარგებელზე მეტად ზიანს მოელიან.

“ბურღვა იქნება, ვიბრაციები თუ აფეთქებები, სულ ჩამოანგრევს არა მხოლოდ კოშკებსა და ტაძრებს, მაგალითად, კვირაცხოველს, არამედ უბრალო სახლებსაც.

ეს იმიტომ, რომ მშრალი წყობით არის მთელი ხადა აშენებული, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ქვა ქვაზე დევს, ცემენტისა და ყოველგვარი გამაგრების გარეშე. პატარა ვიბრაციაც კი მოქმედებს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მხოლოდ ნაწილობრივადაა აღწერილი ის მრავალფეროვნება, რაზეც ადგილობრივები და სპეცისლისტები მიუთითებენ.

თუმცა იქ ის მაინც წერია, რომ „პროექტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ფიზიკური კულტურული მემკვიდრეობის ფართო სპექტრი. თავად ხადისწყლის ხეობა ხშირად მოიხსენიება როგორც 60 კოშკის ხეობა. შესაბამისად, პროექტის ტერიტორიაზე გამოვლენილი ფიზიკური კულტურული რესურსების (PCR) უმეტესობა არის კოშკები, ასევე, რამდენიმე ეკლესია, მემორიალი და სამი სასაფლაო“.

გზშ-ის თანახმადვე, „თითქმის ყველა გამოვლენილი ფიზიკური კულტურული რესურსი შემოთავაზებული მარშრუტიდან 50 მეტრზე მეტითაა დაშორებული“, თუმცა დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ „შესაძლოა სამშენებლო სამუშაოებმა ზემოქმედება მოახდინონ” იმ ობიექტებზე, რომლებიც მშენებლობის ზონასთან უფრო ახლოსაა.

“…მაგალითად, დაზიანდნენ სამშენებლო ტექნიკით ან ვიბრაციით”, – წერია გზშ-ში.

ვრცლად, წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” მასალა არქივიდან:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

მასალების გადაბეჭდვის წესი