ახალი ამბები

ველოდებით სასამართლოს – გახარია ხანგოშვილის საქმეზე დუმილზე

29 ივნისი, 2020 • 1242
ველოდებით სასამართლოს – გახარია ხანგოშვილის საქმეზე დუმილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა, — რომელსაც საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის საქმეზე რუსეთთან კონტექსტში პოზიცია არ დაუფიქსირებია, — ამ საქმეზე გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„ნეტგაზეთმა“ გიორგი გახარიას დღეს ჰკითხა, იმის ფონზე, რომ გერმანიამ პირდაპირ დაადო ხელი რუსეთის სპეცსამსახურებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში, ამ დროს რას ამბობს საქართველოს მთავრობა,. პრემიერმა უპასუხა:

„ინტერპრეტირებას ნუ ვაკეთებთ… გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატარის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო“.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობასაც ეს პოზიცია აქვს: „ზუსტად ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად“.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანული გამოძიება რუსეთს ოფიციალურადაც ადანაშაულებს. კერძოდ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 18 ივნისს გამოაქვეყნა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმადაც:

„2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს, ვადიმ კ.-ს (ან ვადიმ სოკოლოვს) მისცეს თორნიკე ქავთარაშვილის [იგივე ზელიმხან ხანგოშვილი — რედ.] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება“.

გერმანული პროკურატურის განცხადება ვრცლად

ბრალდება გულისხმობს შემდეგს:

2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს მისცეს თორნიკე ქ-ს [იგივე ზელიმხან ხანგოშვილი — რედ.] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება. 2016 წლის ბოლოდან ის გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. მკვლელობას წინ უძღოდა დაზარალებულის მტრული დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ. თორნიკე ქ. იბრძოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში 2000-04 წლებში, როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. შემდეგ, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის სახელით, მან შეკრიბა მოხალისეთა რაზმი სამხრეთ ოსეთის დასაცავად, თუმცა არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე. ასევე, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევდა თორნიკე ქ-ს ტერორისტად და ტერორისტული ორგანიზაციის, „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.

ბრალდებული დათანხმდა [რუსეთის] მთავრობის შეთავაზებას მკვლელობაზე. მას ან ფინანსური ჯილდოს იმედი ჰქონდა, ან იზიარებდა კლიენტების მოტივს პოლიტიკური ოპონენტის მოკვლის შესახებ და სურდა შური ეძია მოკლულზე რუსეთში კონფლიქტებში მონაწილეობისთვის.

მიღებული ბრძანების შესასრულებლად ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს გაფრინდა მოსკოვიდან პარიზში და იქიდან 20 აგვისტოს ვარშავაზი გააემგზავრა. 2019 წლის 22 აგვისტოს დატოვა სასტუმრო და აუხსნელი გზით გაემგზავრა ბერლინში. შენგენის ზონაში შესასვლელად ვადიმ კ-მ გამოიყენა ვადიმ ს-ს პასპორტი, რომელიც იმიგრაციის სამსახურმა მხოლოდ 2019 წლის 18 ივლისს ბრიანსკში (რუსეთი) გასცა.

ვადიმ .-მ მკვლელობის ბრძანება 2019 წლის 23 აგვისტოს, შუადღისას შეასრულა. ბერლინის პარკ Kleiner Tiergarten-ში იგი თორნიკე ქ-ს ველოსიპედით უკნიდან  მიუახლოვდა. როცა დაუცველ მსხვერპლთან ახლოს მივიდა, ისროლა „გლოკ 26“-ის პისტოლედიან. მსხვერპლი ძირს დაეცა. დაეცა ბრალდებულიც, თუმცა უმალ მივიდა მსხვერპლთან და კიდევ ორჯერ ესროლა თავში. თორნიკე ქ. თავში ორი გასროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მალევე დანაშაულის ადგილზე ბრალდებული დროებით დააკავეს. 2019 წლის 24 აგვისტომდე იყო წინასწარ დაკავებაში. თავდაპირველად, დაპატიმრების ორდერით Tiergarten საოლქო სასამართლოდან, 2020 წლის 11 თებერვალს კი, ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ორდერით“, — ვკითხულობთ პროკურატურის პრეს-რელიზში.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობდა „საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დავასკვნათ, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სტრუქტურების დაკვეთით“.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, 4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რითაც ისინი, ფაქტოვრივად, ქვეყნიდან გააძევა, რის საფუძვლადაც რუსეთის მრიდან გერმანულ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა დაასახელა.

საქართველოს მკვეთრი პოზიცია ამ დრომდე არ გამოუხატავს მისი მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთთან კავშირზე, რის შესახებაც გერმანიის პროკურატურა საუბრობს.

ამის სავარაუდო მიზეზად ანალიტიკოსები „ნეტგაზეთთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის რისკს ასახელებენ.

გახარიამ გასულ კვირას ასევე განაცხადა, რომ საქართველო პირდაპირ არის ჩართული“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში“.

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ, მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ობიექტური. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს. გამოძიების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი