ახალი ამბები

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

29 ივნისი, 2020 • 1303
გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე კვლავ დააყენა შუამდგომლობა რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


რურუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელთა გათავისუფლებას ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვს. საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი სწორედ ამ მიზეზით არ დაუჭირეს ენმ-მ და “ევროპულმა საქართველომ.

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი.

რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი