შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თემქაზე მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციის ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი თემქის დასახლებაში ერთ-ერთ კორპუსში მივიდა „ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე“.
უწყების თანახმად, პოლიციის ადგილზე მისვლისას „შეტყობინების ინიციატორის მეუღლე“, 40 წლამდე ასაკის პირი, ინიციალებით გ.კ., „აგრესიული გახდა“ და კორპუსის მე-4 სართულზე სადარბაზოში მისული პატრულ-ინსპექტორი დაჭრა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შსს-ს განცხადებით, „აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“.
დაჭრილი პოლიციელი (ინიციალებით დ.ბ.) კი მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ვიგებთ სამინისტროს პრესრელიზიდან.