ახალი ამბები

ზეწოლის მიზანი გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მიღება იყო — დაკავებულის ადვოკატი

27 ივნისი, 2020 • 946
ზეწოლის მიზანი გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მიღება იყო — დაკავებულის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელზეც, ადვოკატის გუშინდელი განცხადების თანახმად, პოლიციამ იძალადა, ძალადობის მსხვერპლი გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით გახდა. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იყო ის სასურველი ჩვენება, რომლის გამოც პოლიციამ, როგორც ადვოკატი აცხადებს, არასრულწლოვანზე იძალადა, უპასუხა:

„დაკავების მომენტიდან ვითხოვთ მტკიცებულებების გადმოცემას, რომელიც გამოძიებას გააჩნია, რომლის საფუძველზეც წაუყენეს ბრალი. ამ დრომდე მასალები არ გადმოგვცემია, რომ ჩავიხედოთ და ვნახოთ, რითი ადასტურებს გამოძიება თავის პოზიციას.

რაც შეეხება პოლიციისთვის სასურველ ჩვენებას, როგორც მოგეხსენებათ, მათ უნდოდათ, რომ არასრულწლოვან მოწმეს მიეცა იმდაგვარი ჩვენება, რომ მან დაინახა, ვინ მისდევდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, სად გარბოდა იგი და ა.შ. რა თქმა უნდა ეს არასრულწლოვანმა არ იცის, არ დაუნახავს.

ასევე ეს ქმედებები, მანქანასთან მოძრაობა, ხიდთან მოძრაობა, ჩემი ინფორმაციით, ვიდეოკამერას აქვს გადაღებული და ბრალდებასაც მშვენივრად მოეხსენება, რომ არასრულწლოვანი ამას ვერ დაინახავდა. ზუსტად ეს ჩვენება უნდოდა გამოძიებას და ამისთვის მოხდა ის ზემოქმედება.

იმიტომ მოხდა ეს ზეწოლა, რომ გამოძიებას მიეღო სასურველი ჩვენება, რომელიც აწყობდა“, — აღნიშნა ადვოკატმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვის აწყობს სასურველი ჩვენების მიღება, ადვოკატმა უპასუხა, რომ არ იცის, თუმცა არ უნდა ფიქრი, რომ გამოძიებას სურს, „გარდაცვლილის ოჯახს რაღაც ინტერესი დაუკმაყოფილოს და გამოძიებით მივიდეს შედეგამდე, რომელიც არ ყოფილა“:

„არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვის აწყობს. არ მინდა ვიფიქრო, რომ გამოძიების ინტერესშია, გარდაცვლილის ოჯახს რაღაც ინტერესი დაუკმაყოფილოს და გამოძიებით მივიდეს შედეგამდე, რომელიც არ ყოფილა. დამერწმუნეთ, არანაკლები ტრაგედიაა, როცა არასრულწლოვანს აბრალებს იმის ჩადენას, რაც მას არ ჩაუდენია. როგორც მოგეხსენებათ, მას არც კონფლიქტში მიუღია მონაწილეობა, არანაირ დაპირსპირებაში, არც კი შეხვედრია შაქარაშვილს. განუმარტა გამოძიებას, რომ პირველად ნახა შაქარაშვილი ტელევიზიით“, — განაცხადა მან.

ამასთან ერთად, ადვოკატმა ასევე თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტში არ მონაწილეობდა, დაბადების დღეზე კი მეგობარს ახლდა თან:

„დაბადების დღეზე იყო, უშუალოდ იუბილარს არ იცნობდა, მეგობარს ახლდა თან. როცა კონფლიქტი მოხდა, არ მონაწილეობდა მასში, საერთოდ არ იყო

კონფლიქტში არ მონაწილეობდა, მოგეხსენებათ კონფლიქტი არ იყო სახლში, იყო ეზოში, ის კი იყო სახლში.“, — ამბობს ადვოკატი.


პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ადვოკატი გუშინ საუბრობდა. მან განაცხადა, რომ „მასზე [დაკავებულზე] განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ზეწოლა. იგი არის არასრულწლოვანი, გამოკითხულია მშობელთან ერთად, თუმცა ამ გამოკითხვას არ ეწერებოდა ადვოკატი და დამცველი.

აქედან გამომდინარე იგი საუბრობს ზეწოლაზეც. როგორც თავად ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მას ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მათ მიერ არ მომხდარა მოწმის გადაცემა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ადასტურებს ჩვენებაში, რომ მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია”.

შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება.

იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, შსს-ში ამბობენ, რომ ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა.

იხილეთ აგრეთვე:

ადვოკატის თქმით, პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე იძალადა


გარეკანის ფოტო: სქრინშოთი „მთავარი არხის“ ეთერიდან

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი