ახალი ამბები

ხათუნა სამნიძეს “საბოტაჟის საქმეზე” სუს-ში გამოკითხავენ

26 ივნისი, 2020 • 1630
ხათუნა სამნიძეს “საბოტაჟის საქმეზე” სუს-ში გამოკითხავენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მოწმის სტატუსით დღეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარებენ.

როგორც სუს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, დღის განმავლობაში მისი დაბარება იგეგმება, თუმცა, ზუსტად რომელ საათზე მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟის საქმეს. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე “მთავარი არხის” რესპონდენტები დაიბარა.

რაც შეეხება ხათუნა სამნიძეს, მან გუშინ ფეისბუკზე დაწერა, რომ სუს-დან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, დაწერა თუ არა ფეისბუკზე კონკრეტული სტატუსი კორონავირუსის შესახებ.

ნეტგაზეთს სამნიძე უყვება, რომ კორონავირუსზე პოსტი საერთოდ არ დაუწერია, თუმცა რამდენიმე კომენტარი სხვისი პოსტის ქვეშ დაწერა. მიუხედავად ამისა, მაინც არ იცის, თუ კონკრეტულად რომელი პოსტის გამო დაუკავშირდა უწყება.

„რა სუსის საქმეა, რას დავწერ-თქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთ-თქო“, – დაწერა სამნიძემ.

ნეტგაზეთთან საუბარში სამნიძე ამბობს, რომ უწყება რამდენიმეჯერ დაუკავშირდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ მისი დაბარებაც იგეგმება.

„მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ წინასაარჩევნო პერიოდს და მცდელობას, რომ რაც შეიძლება მეტი შიში დაითესოს წინასაარჩევნო პერიოდში. ამას პირდაპირ უკავშირდება კახა კალაძის გუშინდელი ლაივი ფეიკნიუსებთან დაკავშირებით.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაუკავშიროს ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს, განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს და აჩვენო საზოგადოებას, რომ მთელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ.

მაშინ, როდესაც ამ უწყებისგან არ გვინახავს რეალურად საფრთხის შემცველი განცხადებების გამოძიება. არც იმ ჯგუფებზე მუშაობა, რომლებიც პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. ამ ვითარებაში ვხედავთ, რომ სუსი დაკავებულია ფეისბუკ პოსტების დევნით“, – ამბობს ნეტგაზეთთან სამნიძე და ამატებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან ამ გამოძიებას არანაირი კავშირი არ აქვს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გუშინ ,25 ივნისს თქვა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „მთავარი“ არხის ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტები გამოიკითხნენ. 

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს მთავარ არხს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში. 16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი