ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გავლენები ციხეში, მარიხუანა – რას ებრძვის ახალი აფხაზი მინისტრი

25 ივნისი, 2020 • 1589
გავლენები ციხეში, მარიხუანა – რას ებრძვის ახალი აფხაზი მინისტრი

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმიდან


ვინ არის აფხაზეთის ახალი დე ფაქტო შს მინისტრი

დიმიტრი დბარმა აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის სავარძელი საკუთარი ოპოზიციური საქმიანობის წყალობით ასლან ბჟანიას დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიკავა. 2017 წლიდან ყოფილი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ გამართულ ყველა მიტინგში მონაწილეობდა. 2019 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს დბარი კანდიდატ ალხას კვიწინიასთან ტანდემში იყრიდა კენჭს. 

35 წლის დიმიტრი დბარი განათლებით ეკონომისტია. ხუთი წელი აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურში, შემდეგ კი დე ფაქტო შსს-ში მუშაობდა. 2017 წელს აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატად აირჩიეს.

დე ფაქტო მინისტრის გეგმები და ნაბიჯები

დბარმა შს მინისტრად მუშაობა აფხაზეთში დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩხრეკით დაიწყო, სადაც პატიმრებს ტელეფონები და მჭრელი საგნები ჩამოართვა. ჩხრეკის პროცესი დღესაც გრძელდება. აქამდე ციხის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მილიცია ვერ შედის დაწესებულებაში და იქ დამყარებულ “წესრიგზე” რაიმე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. 

ოფიციალურ განცხადებებში დბარი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკორეალიზაციასთან ბრძოლაზე [მათ შორის მარიხუანის მოყვანა-გავრცელება] აკეთებს აქცენტს, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ ძირითადად ებრძვის მარიხუანის გავრცელებას და ციხეებში გავლენის დამყარებას ცდილობს. 

მის დეკლარირებულ გეგმებშია ასევე აფხაზეთის ახალი ციხის მშენებლობის პროექტის განხორციელება, რომლის იდეაზეც მისი წინამორბედი რაულ ლოლუა ჯერ კიდევ 2014 წელს მუშაობდა. 

დიმიტრი დბარს საკადრო ცვლილებების შესახებ უწყებაში ღიად არ უსაუბრია, თუმცა მისი დანიშვნის შემდეგ მის დაქვემდებარებაში დაბრუნდნენ უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც თავის დროზე თანამდებობების ბოროტად გამოყენებისთვის გაათავისუფლეს. 

ხმაურიანი დაკავება

დიმიტრი დბარმა მინისტრის საქმიანობა ხმაურიანი დაკავებით დაიწყო. დბარის თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, სოხუმში ორი კრიმინალური ავტორიტეტის, ასტამურ შამბას და ალხას ავიძბას, ასევე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაცვლილი მიმტანის, დომინიკა აკირტავას მკვლელობაში ბრალდებული ერიკ ჭკადუა დააკავეს.

ეჭვმიტანილის დაკავების დღესვე, 29 მაისს, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახლთან, სადაც დღეს მისი ძმისშვილი, აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი ქიამალ არძინბა ცხოვრობს, სროლა იყო. თუმცა გარემოებების გარკვევა და დამნაშავეების დასჯა მილიციამ ვერ შეძლო. 

აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ გამოუძიებია და არც ინფორმაცია გაუვრცელებია უწყების ვებ-გვერდზე, სადაც ყველა უმნიშვნელო ინცინდენტისა და რეიდის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება. 

ამავე დროს, აფხაზეთში WhatsApp-ის ჩატებში ხმოვანი შეტყობინებები იგზავნებოდა, სადაც ქალის ხმა ყვებოდა იმის შესახებ, რომ მოკლული ასტამურ შამბას ნათესავები პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის სახლთან მივიდნენ, რათა ქიამალ არძინბას დალაპარაკებოდნენ, მაგრამ ის მათთან სალაპარაკოდ არ გასულა.

ძალოვანი უწყებები ცდლობდნენ აღნიშნულ მოვლენებს უკვალოდ ჩაევლო, თუნდაც, ოფიციალური განცხადებების დონეზე.

პრესკონფერენციაზე, რომელსაც დიმიტრი დბარმა დე ფაქტო სახელმწიფო არხის პრეს-ცენტრში 9 ივნისს მიიწვია, ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვა დაუსვეს ამ თემაზე , რაზეც დბარმა უპასუხა, რომ ინციდენტის ერთი მოწმეც კი არ არსებობს, შესაბამისად, გამოძიება ვერ დაიწყება. 

შემდეგ კი დაამატა, რომ “პირველი პრეზიდენტის სახლი უნდა იყოს მუზეუმი და არა დამნაშავეთა თავშესაფარი”, რა დროსაც დაუფარავად იგულისხმა ქიამალ არძინბა, რომელსაც ვლადისლავ არძინბა საკუთარ შვილად მოისენიებდა და, როგორც მემკვიდრეს, სახლიც დაუტოვა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა შს მინისტრს გარკვეული მასალები, რომლებიც დაამტკიცებდა პირველი პრეიდენტის სახლში რაიმე დანაშაულს და რა ხდება ამჟამად სახლის გარშემო, მინისტრმა ჟურნალისტს მოუწოდა, თავად აიღოს კამერა და არძინბას სახლისკენ გაეშუროს.

“რაც შემეხება მე,  ვიყავი ადგილზე მისული, მაგრამ პირველი პრეზიდენტის სახლში შესვლის უფლება ჩემს თავს არ მივეცი. მგონია, რომ ეს არასწორი იქნებოდა”, – განაცხადა დბარმა პრესკონფერენციაზე. 

ეს კითხვა ჟურნალისტს შემთხვევით არ დაუსვამს, რადგანაც სროლის  შემდეგ საგრძნობლად გააძლიერეს მილიციის პოსტი არძინბას სახლთან ახლოს. 

ბრძოლა ნარკოტიკებს

ახალი შს მინისტრის დანიშვნის შემდეგ მარიხუანით მოვაჭრეთა დაკავებებზე ახალი ამბების რაოდენობა მედიაში საგრძნობლად გაიზარდა. ადგილობრივი კანონმდებლობით მცირე რაოდენობით მარიხუანით ვაჭრობაც პატიმრობის ხნგრძლივ ვადებს ითვალისწინებს. 

აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის მიერ წარდგენიდან მეორე დღესვე, 14 ივნისს, თავს დაესხნენ და სცემეს სოფელ ლაბრას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ არუთიუნ მელქონიანს. თავდამსხმელებმა ცემის ფაქტი ახსნეს იმით, რომ “მელქონიანი ნარკოტიკების გამავრცელებელია”. 

“ადამიანები მელქონიანს ბრალს სდებენ ნარკოტიკების, მარიხუნის გაყიდვაში. უახლოეს წარსულში მარიხუანის მოყვანა და რეალიზიაცია მელქოიანის ოჯახის ძირითადი ბიზნესი იყო. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება დანიშნოს ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ არა ნარკოტიკის გამავრცელებელი”, – ნათქვამია აფხაზური ორგანიზაციის, “არუაა”-ს განცხადებაში. 

ცემის ინციდენტის მონაწილეები დააკავეს, მელქოიანი კი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, სადაც ნარკოტიკზე უნდა შეემოწმებინათ. მიმდინრეობს თუ არა გამოძიება მელქოიანის მიმართ ბრალდებებზე, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, გალის ცენტრალური სააფადმყოფოს მთავარ ექიმს სისხლში მეტადონი აღმოუჩინეს და 42 ათასი რუსული რუბლით [600 დოლარი დაახლოებით] დააჯარიმეს. ექიმის კოლეგები მიმართავდნენ ჯანდაცვის სამინსტროს თხოვნით, შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გაეკეთებინათ და დაეცვათ ექიმის ღირსება, თუმცა უწყებამ დუმილი არჩია. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. 

ციხეში გავლენის მოპოვების მცდელობები 

ნარკოტიკების გარდა, ახალმა მინისტრმა, როგორც ჩანს, ბრძოლა ციხეში გავლენის მოპოვებისთვისაც დაიწყო.

დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს ეჭვმიტანილს კბილი ჩაუმტვრიეს და ადვოკატთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ. ადვოკატ ინგა გაბილაიას ფეისბუკის საშუალებით მოუწია, საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვებინა. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც პრობლემა ტელევიზიით გახმიანდა, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის უფლება მისცეს. თუმცა მალევე ადვოკატმა მეორე პოსტი დაწერა, სადაც თანამშრომლობისთვის შს მინისტრ დბარს მადლობა გადაუხადა. 

ეჭვიმიტანილების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით ამჟამინდელი შს მინისტრის, დიმიტრი დბარის სახელი არაერთხელ გახმიანებულა. 

2014 წელს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმის საქმეზე იმართებოდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა რუსტან ჭითანავამ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ უშიშროების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს.

“დასაკითხად გაყვანის დროს დიმიტრი დბარმა ტომარა თავზე ჩამომაცვა და დაკითხვის ოთახამდე დერეფანში, ყველა რკინის კარზე თავს მარტყმევინებდა”, – ჰყვებოდა სასამართლო დარბაზში ბრალდებული. 

მსგავსი პირდაპირი განცხადებები ამჟამინდელი მინისტრის სისასტიკეზე ჟურნალისტების თანასდასწრებით ჯერ არ გახმიანებულა, თუმცა წლებია, აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დბარი სწორედ წამების გზით მოიპოვებდა აღიარებით ჩვენებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი