ახალი ამბები

რურუას ღირსეული საქციელის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია უცვლელია – გოცირიძე

24 ივნისი, 2020 • 987
რურუას ღირსეული საქციელის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია უცვლელია – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია უცვლელი რჩება და რურუას გათავისუფლების გარეშე არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ და ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი — შეთანხმება უნდა შესრულდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ 24 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი რურუამ რამდენიმე საათით ადრე ფეისბუკზე დაწერა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო/საარჩევნო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია, რადგან პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა.

რურუა, რომელიც 2018 წლიდან „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეა, ამჟამად პატიმრობაშია იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, რასაც ის შეთითხნილს უწოდებს.

გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამ ორმა პარტიამ, რურუას პატიმრობაში დატოვების ფონზე, არ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილების II კენჭისყრაში მონაწილეობა. რურუამ ფეისბუკზე დაწერა:

„მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“…

რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია, ამ განცხადების მიუხედავად, იმავე პოზიციაზე რჩება: „ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არცერთი პოლიტიკური პატიმარი“…


საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120/30) უნდა ჩატარდეს.

115-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგი წავიდა  3 დეპუტატი.

ამ ცვლილებების საბოლოოდ მიღებას, სულ მცირე, 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

ცვლილებებისთვის მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, კონსერვატორები, ასევე, სოციალ-დემოკრატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ევროპულმა საქართველომ“ კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პარტიაში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზი იყო, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა, თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა 19 ივნისს გაავრცელეს განცხადება და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი