ნეტგაზეთი | ტრამპის თქმით, ძეგლების დაზიანებისთვის 10 წლით დაპატიმრების „ავტორიზაცია“ გასცა ტრამპის თქმით, ძეგლების დაზიანებისთვის 10 წლით დაპატიმრების „ავტორიზაცია“ გასცა – Netgazeti

ტრამპის თქმით, ძეგლების დაზიანებისთვის 10 წლით დაპატიმრების „ავტორიზაცია“ გასცა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ფედერალურ ხელისუფლებას მისცა ბრძანება, ვეტერანთა ხსოვნის კანონის საფუძველზე, ნებისმიერი, ვინც აშშ-ის ფედერალური მთავრობის კუთვნილების ქვეშ მყოფ ძეგლს დააზიანებს, დააკავონ. მისი ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

„მივეცი ავტორიაზაცია ფედერალურ მთავრობას, დააკავოს ნებისმიერი, ვინც დააზიანებს ნებისმიერ მონუმენტს, ძეგლს ან სხვა მსგავს ფედერალურ ქონებას,10 წლამდე პატიმრობით, ვეტერანების ხსოვნის ან სხვა შესაბამისი კანონის  საფუძველზე. მოქმედება უკვე იწყება, მაგრამ [ზომები] შეიძლება გადაიდგას მათ მიმართაც, ვინც უკვე ჩაიდინა ვანდალიზმის აქტები. გამონაკლისები არ იქნება“, — წერს „ტვიტერში“ ტრამპი.

თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს ტრამპი „ავტორიზაციაში“, გაუგებარია — CBS-ის ცნობით, კანონი, რომლის შესახებაც ტრამპი წერს, 2003 წელს მიიღეს და მის თანახმად, ისჯება მხოლოდ სამხედრო ძალებში მოსამსახურე პირების ძეგლების, მონუმენტების და ა.შ. დაზიანება ან დაზიანების მცდელობა.

ბოლო დროს, აშშ-ში მიმდიანარე საპროტესტო აქციებისას, აშშ-ში არაერთი ძეგლი ჩამოაგდეს — მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონისა და ქრისტეფორე კოლუმბის.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com